92 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.
ჭაბუა ამირეჯიბი თბილისში, 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა.
1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით. პატიმრობის16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. პატიმრობის განმავლობაში სამჯერ გაიქცა.
პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისადა ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი. იყო ტყის მჭრელი, ჩრ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50).
ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან. იყო კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი (1983-89), საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი (1991-95), საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე (1992-95).
ჭაბუა ამირეჯიბი იყო საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს შორის, რომლებიც კოლეგებს დაჟინებით მოუწოდებდნენ, დათანხმებოდნენ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივას საქართველოს დსთ–ში შესვლის შესახებ. პარლამენტში დაცულია ჭაბუა ამირეჯიბის გამოსვლის სტენოგრაფიული ჩანაწერიც ამ თემასთან დაკავშირებით. ჭაბუა ამირეჯიბი იმ დეპუტატთა სიაშიცაა, ვინც საქართველოს შესვლას დსთ–ში ხმა მისცა.
ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ“მნათობში” გამოაქვეყნა მოთხრობა “რატომ არ დამაცადე”. იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა “გზა”, “ძია შოთას ბადია”, “არაკების კრებული”, “თაფლის წვეთი”, არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.
1972 წელს ჟურნალ“ცისკარში” დაიწყო ჭაბუა ამირეჯიბის პირველი რომანის “დათა თუთაშხიას”ბეჭვდა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა.
1978 წელს ავტორისვე სცენარით (გ. ლორთქიფანიძე და გ. გაბესკირია) გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი.
1981 წელს ჭაბუა ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ “დათა თუთაშხიას” დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში.

ამავე წელს ჭაბუა ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
ქართული პენ ცენტრი 1992 წლიდან არსებობს. მისი პირველი პრეზიდენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო.
1995 წელს გამოაქვეყნა რომანი “გორა მბორგალი”.
ჭაბუა ამირეჯიბი არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985), ღირსების ორდენის კავალერი (1995), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პუბლიცისტიკის დარგში (1999).მას 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2010 წელს ბერად აღიკვეცა და მიიღო სახელი – დავითი.
2013 წელს გახდა მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი.
სხვადასხვა პრემიებს შორის მიღებული აქვს არის ჟურნალ “ზნამიას” რუსეთის უცხოური ლიტერატურის ბიბლიოთეკის პრემია – “ნაწარმოებისათვის, რომელიც აახლოებს ხალხებს”(1996), რომანისათვის “გორა მბორგალი”.
მასალის გამოყენების პირობები






