რიონის ხეობის მცველების აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი, რაც აქციის დისკრედიტაციას ემსახურება. თუ კონკრეტულად რა ჯგუფია ეს, ამის შესახებ მშვიდობიანი აქციის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, არ არის რთული მისახვედრი რისთვის შეიძლება მიდიოდეს ეს ჯგუფი გუმათში. გოლეთიანის თქმით, ნებისმიერი სახის დაპირისპირებას რიონის ხეობის მცველები ემიჯნებიან:
„მნიშვნელოვანი განცხადება გვინდა გავაკეთოთ. არც ერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს, ასეთი დეკლარირებული პეტიცია გვაქვს, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. ახლა ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ჩვენს აქციაზე იყრიან თავს. ცოტა ხნის წინ მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს აქ, ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია. ამიტომ ამ ყველაფერზე თავის არიდებისა და პრევენციისთვის ვაკეთებ განცხადებას, რომ მთელ ამ პროცესს გავემიჯნოთ. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი აქ, ამ ადგილზე მოვა, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მათ შორის, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. წეღან, პოლიციამ თვითონ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია წინასწარ მათაც აქვთ, ამიტომ, თვითონვე შორს დაიჭირეს თავი. თუ ასე არის ჩვენ მთელ ამ პროცესს გავემიჯნებით და პირისპირ დარჩებიან ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






