დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში მაჭავარიანის ფერდობზე ბოლო დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ გზის გაყვანის სამუშაოებისათვის მოხდა დიდი რაოდენობით გრუნტის ჭრა დაშვებელი იყო, ახლა კი ნაპრალების თიხით ამოსვება კიდევ უფრო მეტი შეცდომაა, რაც პრობლემას ვერ მოაგვარებს:
"სურათზე გამოსახულია მაჭავარიანის ქუჩის ქვედა მხარე ვიდრე გელოვნის ქუჩამდე. ეს ის არეალია მეწყრის ქვემოთ, სადაც გზის გაყვანის სამუშაოები წარმოებდა.
მაჭავარიანი-გელოვნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.
კომპანია @SenseFly Georgia-მ გადაიღო და საჩუქრად გადმოგვცა აეროგადაღებების მასალები, რომელიც დავამუშავეთ და გთავაზობთ ბოლო დაკვირვების შედეგს. მოცემულ სურათებზე დატანილია 2014 და 2021 წლებს შორის რელიეფის სხვაობა. რეზოლუცია სურათებისა არის 1 მეტრი. მაგალითად, წითელი ფერის არეალში მოცემული -20 მეტრი ნიშნავს, რომ გზის გაყვანის მიზნით მოჭრილია 20 მეტრის სიღრმის გრუნტი. ლურჯი ფერი ნიშნავს გრუნტის დამატებას. ანუ, მოჭრილი გრუნტი დაყრილია გვერდზე გზის გაყვანის სამუშაოების წარმოების დროს.
თუ დავაკვირდებით სურათს, აქაც ნათლად იკვეთება მეწყრული სხეულის ინიცირება.
გზის გაყვანის სამუშაოებისათვის მოხდა დიდი რაოდენობით გრუნტის ჭრა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ლისის ფერდის ასეთი მასიური ჭრა დაუშვებელია, მისი გეოლოგიური აგებულების გამო. ასეთი ფერდის ჭრა იწვევს მეწყრულ პროცესს. მაჭავარიანის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილი ერთი მთლიანი სტრუქტურაა, რომელიც დესტაბილიზაციაში მოიყვანა არა მარტო მაჭავარიანის ქუჩაზე მილების ჩადებამ, არამედ მაჭავარიანის ქვედა ნაწილზე წარმოებულმა გრუნტის ჭრის ინტენსიურმა სამუშაოებმაც. შესასწავლია მთლიანი ფერდის დინამიკა და როგორც არა ერთხელ აღვნიშნეთ, ის აწ უკვე თიხით ამოვსებული ნაპრალი, სულაც არ არის მხოლოდ ლოკალურად არსებული პრობლემა და დაძრული ბლოკი, არამედ უბრალოდ ნაწილია მთლიანად სისტემური პროცესისა. ამიტომ ვამბობდით, დევის ყურში მარილის ყრა, დევს ვერ კლავს! ასევე ამხელა სხეულს 3 პიეზომეტრითა და ერთი ინკლინომეტრით ვერ მოერევით და ეს სულაც არ გახლავთ მონიტორინგის სისტემა! ასევე მნიშვნელოვანია გზის გაყვანის სამუშაოებისათვის არსებული გეოტექნიკური დასკვნა! ვინ შეადგინა ის და რა წერია მასში!" - წერს გოდოლაძე.


მასალის გამოყენების პირობები






