დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე რისკები შემცირებულია. აღნიშნული განცხადება ბენდელიანმა მონიტორინგის საფუძველზე დაყრდნობით გააკეთა. მისი განმარტებით, ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები გერმანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს:
"სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყერის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რომ მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დაყენდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება.
ის, რომ რისკები დღეს უფრო მეტადა შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია.
დღეს მორიგი შეკრება მოხდა. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი გერმანელი ექსპერტები. მოხდა იმ სამუშაოების დეტალური გავლა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ეს სამუშაოები გამოწვეულია იმ გადაუდებელი აუცილებლობიდან, რომ პირველი რიგის საფრთხეები მოგვეხსნა.
ის სამუშაოები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა, გერმანელი ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა.
დავიგეგმეთ შემდეგი ტიპის სამუშაოებზეც, რომელზეც საჭიროა კონკრეტული პროექტი და ამ პროექტის შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ გამაგრებით სამუშაოებს" - განაცხადა ბენდელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






