ღონისძიების მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, აგრარული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სექტორით სტუდენტთა, დამსაქმებელთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესება წარმოადგენდა.
გამოფენა-გაყიდვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ამერიკის, საფრანგეთისა და ისრაელის დიპლომატიური მისიების, გაეროს განვითარების პროგრამის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და კოლეჯის სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და სახალისო აუქციონში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ. დღესვე, კოლეჯის ტერიტორიაზე სტუდენტების მიერ აშენებული საგამოფენო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.
მრავალპროფილიან კოლეჯში 600-მდე სტუდენტი მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგის, ვეტერინარის, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილების ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლება. წარმატებული კურსდამთავრებულები სხვადასხვა კომპანიებში არიან დასაქმებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






