ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ახალგაზრდას უკვე მყვინთავები ეძებენ - ინფორმაცია "ნიუპოსტს" საგანგებო მართვის სამსახურმა განუცხადა.
"პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
30 წლამდე ასაკის მამაკაცი რიონში გასულ საღამოს გაუჩინარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






