ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრა, რადგან ის არც ერთ პრიორიტეტულ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა:
“უკვე გავრცელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის, რა თქმა უნდა, ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ასაკობრივი ჯგუფების ეტაპობრივობას მიჰყვება. ასევე, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არასწორი რეაქცია გამოიწვია. არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. როგორც ვხედავთ, რისკი ყველგან არის და სამწუხაროდ, ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ღარიბაშვილისგან განსხვავებით, სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და პირველი პირები საზოგადოებისთვის სტიმულის მისაცემად და მაგალითის საჩვენებლად, სპეციალურად საჯაროდ იცრებიან სხვადასხვა ვაქცინით და მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ აიცრან თავადაც - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, პროპაგანდა გაუწიონ ვაქცინას, რაც ასე მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. საქართველოში კი ამ მხირვ ისედაც რთული მდგომარეობაა - ანტივაქსერულმა კაპმანიამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე და დიდი უმრავლესობა უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა, მაქსიმალური პროპაგანდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ცნობილი ადამიანებისა და ქვეყნის პირველი პირების აცრაა.
მასალის გამოყენების პირობები






