დეკანოზი თამაზ ლომიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შემდეგ სოციალური ქსელის რეაქციებს ვრცელი პოსტით ეხმაურება:
"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა", გუშინ ესეც დაამახინჯეს.
ვაჟას-ფშაველას სტუმარმა კარგად იცოდა, რა ჰქონდა ჩადენილი და ამის გამო საკუთარი სახელი და წარმომავლობაც კი დაუმალა გზაზე შემთხვევით მომავალ მასპინძელს. მასპინძელმა კი, არა როგორც მისი ძმის მკვლელი და მოსისხლე მტერი, არამედ როგორ "ნუნუა, გადმოხვეწილი ჭიელით" ისე მიიღო სტუმრად ხევსური ზვიადაური საკუთარ სახლში. არც ზვიადაურია ისე თავხედი და უგუნური, რომ ქისტების მხარეში ზვიადაურად გაეცნოს ქისტ მასპინძელს. უნებურად მოტყუებულ იქნა ჯოყოლა და როცა ამხილეს მოძმე ქისტებმა: "ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა, პირს სინანული წაესო, თითქოს ნატყორცი ისარი ზედ გულის კოვზზე დაესო." ინანა! თურმე მტერი შეიფარა საბედისწერო ტყუილის გამო. მიიღო სტუმრად როგორც შემთხვევით გადაყრილი, გაჭირვებაში ჩავარდნილი მგზავრი და არა როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უპრინციპობის და მონური მოღალატეობის გამო. ამიტომაც, არ თმობს ქისტი მასპინძელი სტუმარ-მასპინძლობის წმინდა ადათს და იცავს მის სტუმარს.
დღეს ზვიადაურს ადარებენ საქეიფოდ ჩამოსულ თავხედ ოკუპანტებს და მათ პროპაგანდისტებს. გაჭირვებაში ჩავარდნილმა ხევსურმა, გააზრებული ჰქონდა რა მის მიერ ჩადენილი ზიანი და ბოროტება ქისტების მიმართ, სტუმრად მისვლისას საკუთარი სახელიც კი დამალა, შეეშინდა, ვერ გაამხილა, ვინ იყო სინამდვილეში. ზარ-ზეიმით, მოქეიფე ამალით და ესკორტით, თავხედურად არ შესულა მასპინძლის ქვეყანაში. მიუხედავად ასეთი მტრობისა, ორივე ვაჟკაცია, ორივე იცავს მთავარ ზნეობრივ წესებს და ამიტომაა ტრაგედია ასეთი "სტუმარ-მასპინძლის" ამბავი.
კიდევ ერთხელ წავიკითხოთ დიდებული ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი" და მოვრჩეთ მხოლოდ გაგონილი სათაურებით მსჯელობას. P.S. ადათების დაცვაზე გამახსენდა:"ერთმორწმუნე" ოკუპანტებმა მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მგლოვიარე ოჯახს 1 თვიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. გამწარებულ დედას საშუალება არ მისცეს დაეტირებინა მოკლული შვილი. ოკუპანტებთან მიმართებაში ვაჟასეულ ადათებზე როცა საუბრობთ, ესეც გახსოვდეთ." - წერს დეკანოზი.
მასალის გამოყენების პირობები