მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს და ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს , თუმცა მისივე თქმით, არსებობს გეგმა.
"ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.
უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება. ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.
ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა.
თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






