კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა და მუტაციის შედეგად სახეცვლილია, იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყო. წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამით სიკვდილიანობა მაღალია.
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მუტიაცია გამოვლილი შტამი ბევრად უფრო სახიფათოა და მასთან ბრძოლის ერთადერთი მექანიზმი დროული ვაქცინაციაა:
"ვირუსებისგან მუტაცია არ არის გასაკვირი, შეიძლება კორონავირუსმა ბევრნაირი მუტაცია განიცადოს. რაც შეეხება საქართველოში თუ შემოვა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს იმ ტემპებით, რა ტემპითაც იყო ნავარაუდევი, მუტირებული შტამი დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ახალ შტამს აქვს სწრაფად გავრცელების უნარი და სახიფათოა, ერთადერთი ბრძოლის მეთოდი არის ვაქცინაცია.
ასევე, მხოლოდ ვაქცინაციაც არ არის გამოსავალი, უნდა დავიცვათ წესები, რომ მალე დავამარცხოთ კორონავირუსი.
არსებობს ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც უნდა შეიკავოს თავი ვაქცინაციისგან ადამიანმა. თუ აქვს სიცხე, მწვავე გულსისხლძარღვთა პრობლემა, ან ინფექცია, ასეთ დროს ჯობია ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ,"-აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ინდოეთში დაფიქსირებული ორმაგად მუტირებული ვირუსი საქართველოში შემოვიდეს.
"ნებისმიერი მუტაციური ვირუსი შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში გავრცელდეს, ამაზე არავითარი ბარიერები არ არის. ამისთვის არსებობს ლუგარის ცენტრში სეკვენირების მეთოდი, რომლითაც პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს, რომელი ვირუსი ცირკულირებს ჩვენთან.
არც რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსის ჩვენთან გავრცელების ბარიერი არ არსებობს და არც იმის, რომ ჩვენთან აღმოცენდეს რაღაც მუტაცია, ამისგან დაზღვეული არ ვართ.
ჯერჯერობით, ახალი მუტაციებიდან მხოლოდ ბრიტანული შტამი ფიქსირდება ჩვენთან,"- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები






