ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახი და ადვოკატები საქმეში არსებულ ახალ მტკიცებულებებზე ალაპარაკდნენ, რომლითაც აქამდე გამოძიება არ დაინტერესებულა.
ოჯახის ადვოკატების განცხადებით, მათ ახლა უფრო მეტი კითხვები გაუჩნდათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. უფლებადამცველ ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ნაპოვნი შეტყობინებებით ირკვევა, რომ არსებობენ პირები, რომელთან კომუნიკაციაც გამოძიებას არ ჰქონია, თუმცა, ისინი საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობენ. ბარამაშვილის თქმით, გამოძიებამ ის პირები უნდა დაკითხოს, ვინც ამ მოკლეტექსტური შეტყობინებების ავტორები არიან და მათგან გაარკვიოს საქმის მნიშვნელოვანი დეტალები:
"მინდა გავაჟღერო ახალი ფაქტის, ახალი მტკიცებულების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, ამ კომუნიკაციის ფარგლებში, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად.
ამ ტელეფონს დღეს გადავცემთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, უნდა გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, საბოლოო ჯამში, რა მოხდა ზუსტად, მათ შორის - ძალიან ბევრი მესიჯი არის წაშლილი და შემდეგ არის მიწერილი, "ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რეალურად, რა მოხდა". მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის და გამოძიებისთვის არ არის ხელმისაწვდომი და არსებობს, ჩვენ ვერ გამოვკითხავთ ამ მოწმეებს, ეს უნდა განახორციელოს გამოძიებამ," - განაცხადა ბარამაშვილმა.
მეგი ბაქრაძის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას უახლოეს პერიოდში მიიღებს, რომლითაც დადგინდება, ანაფილაქციური შოკის განვითარების შემდეგ, გაეწია თუ არა ექთანს სათანადო სამედიცინო დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები