მისივე წინასწარმეტყველების თანახმად , მომავალში უმრავლესობა მაინც დაიშლება. ყველა თავის თამაშს იწყებს, მაგრამ რაც უნდა მოიმოქმედონ, თავშივე წაგებული აქვთ.
კაკულიას თქმით, მოდიან ახალგაზრდები, ახლაგაზრდა მეცნიერები - ძველი პოლიტიკოსები კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან.
"ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, არის გარდამავალი რგოლი. ბევრი რამ იცვლება. ახალ სახეებად მოვლენილი ძველი პოლიტიკოსები ხალხის გულს მაინც ვერ მოიგებენ. ხალხი ვერ ივიწყებს წარსულს. იმდენად ღრმად არის მათ მეხსიერებაში ჩამჯდარი მავანთა მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ივიწყებენ კი არა, პირიქით, არ პატიობენ. ეს ვიცი 100 პროცენტით. ამიტომ მათი როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია.
რაც გაკეთდება და რა მიღწევებიც უნდა ჰქონდეთ, ხალხი მაინც პრემიერს მიაწერს ყველაფერს, ეს პრემიერის დამსახურებაა, ეს პრემიერმა გააკეთაო. კოალიციის წევრები ხვდებიან (თუმცა, სანამ მოვიდოდნენ მთავრობაში, მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ შანსი აღარ ექნებოდათ; იცოდნენ და არ გაუშვეს მომენტი ხელიდან, მოვიდნენ მთავრობაში, რომელსაც ხალხი არ მიიღებს), რომ ხალხი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ხედავს — პრემიერ-მინისტრს, მისი სჯერა მხოლოდ.
მომავალში უმრავლესობა მაინც დაიშლება. ყველა თავის თამაშს იწყებს, მაგრამ რაც უნდა მოიმოქმედონ, თავშივე წაგებული აქვთ. არც ახალი პარტიების შექმნა უშველით და არც სხვა არაფერი. ასე რომ, პოლიტიკაში მათი ადგილი არ იქნება, ვხედავ.
დადგება დრო, როცა პრემიერი მათ ვეღარ უშველის, პირიქით, მოიშორებს იმ ხალხს, რომლებსაც თითქოს დღეს ეყრდნობა და ენდობა. არ დაიჯეროთ! ვიმეორებ, იგი მათ ძალიან მალე მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. პრემიერი ხმამაღლა განაცხადებს, რომ მათ არ იციან საქმე, არ იციან, საგარეო პოლიტიკა როგორ მართონ, ბევრი რამ გააფუჭეს და ა.შ. და ა.შ. განსაკუთრებული უარყოფა საკუთარი მრჩევლების მიმართ უჩნდება პრემიერს. მათი ანალიზები და პოლიტიკური სიბეცე მთლად გააგიჟებს და ვხედავ, იწყებს ბრძოლას. იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში. დიახ, ეძებს ახლაგაზრდებს, რომელთა მოწოდებაც არის სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის გადარჩენა და არა „მარიაჟობა“ და კეკლუცობა, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, წარსულიდან გამოყოლილი ბოღმის დაკმაყოფილება, რაც პოლიტიკოსს ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
იქნება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ქვეყანას გააოცებს. მოდიან ახალგაზრდები, ახლაგაზრდა მეცნიერები. ძველი პოლიტიკოსები კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. აღარსად იქნებიან ძველი სახეები. სულ სხვა პოლიტიკური ქარი დაუბერავს საქართველოში. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და მასთან ბრძოლა, პირველ რიგში, რუსეთს გაუჭირდება და ასევე სხვა ქვეყნებსაც. ეს სულ სხვა საქართველოა. ეს ის ქვეყანაა, რომელიც წამყვანი სახელმწიფოების ბრძანებებს არ ასრულებს.
ვხედავ, საქართველო მალე ფერებს შეიცვლის!”, – ნათქვამია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.
მასალის გამოყენების პირობები






