თბილისში, პეკინის გამზირზე 36 ნომერში, საცხოვრებელი ბინაში ცეცხკლი გაჩნდა. ამჟამად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მათ შორის იყო რამდენიმე არასრულწლოვანი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მისამართზე გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები