სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტშიახალციხეში ვაცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის მეუღლის მანუჩარ კობახიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატები გამოძიებას დოკაუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს. ისინი მოითხოვენ, დაათვალიერონ "ასტრაზენკას" ამპულა და ასევე, დაინტერესებულნი არიან, გააკეთა თუ არა იგივე საგამოძიებო უწყებამ.
უფლებადამცველ ნინო ამაღლობელის განცხადებით, დღეს, 26 მარტს "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალიდან პასუხი მიიღეს. კომპანიამ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციისა და საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა.
"ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა "ასტრაზენეკამ" და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა. ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ სისხლის სამართლის მასალებს.
ჩვენ მივმართეთ კლინიკა "იმედს" განცხადებით, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის ვაქცინაციამდე დროინდელის ამოღების და გადმოცემის თაობაზე, ასევე, ჩვენ მივმართეთ ლაბორატორიული ჟურნალის გადმოცემის თაობაზე, და "ასტრაზენეკას" ამპულის დათვალიერების თაობაზე, თუ ჰქონდათ მათ ეს ამპულა და საგამოძიებო უწყებას ამოღებული ჰქონდა თუ არა ის", - განაცხადა ამაღლობელმა.
"დილით მივიღე წერილი ასტრაზენეკადან, რომელიც გამოხატავს მზაობას ჩაერთოს გამოძიებაში. ითხოვს დოკუმენტაციას, პირველ რიგში სამხარაულის ბიუროს დასკვნას, ასევე იმ ლოტის ნომერს ამპულის, რომლითაც განხორციელდა ვაქცინაცია", - განაცხადა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა.
ადვოკატები ასევე გამოეხმაურნენ ტიკარაძის განცხადებას. მათთვის გაუგებარია, საიდან ფლობს ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტულ ინფორმაციას ვაქცინასა და გარდაცვალების ფაქტს შორის ურთიერთკავშირზე მაშინ, როცა ეს გამოძიებისთვისაც უცნობია:
"აბსოლუტურად გაუგებარია ადვოკატებისთვის საიდან შეიძლება ფლობდეს ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე კონკრეტულ ინფორმაციას იმ პირობებში, თუ ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება. თუ კონკრეტული პირები ფლობენ ინფორმაციას იმაზე ადრე ვიდრე ფლობს გამოძიება, ვიდრე ფლობს ადვოკატები და თავად ექსპერტები, ჩვენ ყოველდღიურ, ყოველსაათიან კონტაქტზე ვართ როგორც სამხარაულთან, საგამოძიებო უწყებასთან და ჩვენთვის ეს ინფორმაცია წინასწარ ცნობილი არ არის", - განაცხადა ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, რომ ტიკარაძემ დღეს განაცხადა, "არსებობს წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა არ დასახელდეს ვაქცინა".
ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე სამხარაულისა და რეგულირების სააგენტოს დასკვნები გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები