სლოვაკეთის ხელისუფლება დაშლის პირასაა. კრიზისი დიდი ხანია მწიფდებოდა, მაგრამ უკანასკნელი წვეთი რუსული "Спутник V"-ს შესყიდვის შესახებ პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის გადაწყვეტილება გახდა. სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან ვაქცინას ევროპული რეგისტრაცია არ გააჩნია.
მატოვიჩის ოპონენტები აცხადებენ, რომ "Спутник V"-ი ჰიბრიდული ომის ელემენტია, ამასთან, სლოვაკების უმრავლესობა უარს აცხადებს ამ ვაქცინით აცრაზე. არადა "Спутник V"-ის პირველი პარტია უკვე სლოვაკეთშია და არავინ იცის რა მოუხერხოს მას.
24 მარტს ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მატოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდა. თავად პრემიერი ამ ნაბიჯის გადასადგმელად გარკვეულ წინაპირობებს ასახელებს. მათ შორისაა კოალიციის წევრი სხვა პარტიების წარმომადგენლების გადადგომა, რაც უკვე შესრულდა - თანამდებობა დატოვეს იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და შშს მინისტრებმა. მატოვიჩი ამასთანავე ითხოვს, რომ მომავალ კაბინეტში მას რაღაც პოსტი მაინც ჰქონდეს, თუმცა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ვაჭრობას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ სხვა ვაქცინები, Astra Zeneca, Pfizer-ი და Moderna სლოვაკიაში შემოდის,თუმცა მცირე პარტიებით და ქვეყნაში ვაქცინაციის პროცესი ევროპის წამყვანი ქვეყნების გრაფიკს ჩამორჩება, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები






