ზუგდიდის საკრებულოს წევრის, სალომე ფაცაციას გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.
ქალს, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, გუშინ მატარებელი დაეჯახა.
სალომე ფაცაციას მეგობარი, ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც სალომე ერთ-ერთ ხანდაზმულ ბენეფიციართან ერთად არის გადაღებული.
„უამრავი მარტოხელა ხანდაზმული, მრავალშვილიანი ოჯახი, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედა, შშმ პირი და სხვა განსაცდელში, უიმედობის პირას მყოფი ადამიანი გაგიმხნევებია, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველგყვია, ადამიანები გაგიერთიანებია სიკეთისათვის და უდიდესი, ენით აუწერელი საქმეები გამოგსვლია – ეს მხოლოდ ზუგდიდში კი არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იციან და ბევრი ამაყობს შენთან მეგობრობით.
სალი, ვიცი, რომ ახლა ვერა, მაგრამ ამას მალე წაიკითხავ. ჰო და იცოდე, რომ ჩვენ, შენი უამრავი გულშემატკივარი, თანამოქალაქე, მეგობარი და წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მადლიერი ბენეფიციარი უფალს შევავედრებთ შენს ჯანმრთელობას.
შენი ბრძოლისუნარიანობის მაგალითი არაერთი გვაქვს – ეს მორიგი იქნება!“ – წერს ლიკა კვარაცხელია.
მასალის გამოყენების პირობები