დღეიდან სამედიცინო პერსონალის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 65 წელს ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. მათ ექნებათ საშუალება, ორ ვაქცინას - Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის გააკეთონ არჩევანი.
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, Pfizer-ის 29 500 დოზით 14 ათასი პირი აიცრება - პირველი ვაქცინის გაკეთებიდან 3-4 კვირის განმავლობაში განმეორებით უნდა გაიკეთონ მეორე დოზა.
Pfizer-ის ვაქცინა საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი:
"ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი ქუთაისში და 4 თბილისში. თბილისის კლინიკები არის ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა", - აღნიშნა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






