"ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს.
"ნამახვანჰესის" ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ის "ნამახვანჰესის" საკითხს თავის ურაპატრიოტული მოტივებისთვის იყენებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის აბსოლუტურად მცდარი განცხადებები, რაც მისი მხრიდან მოვისმინე. აი, მაგალითად, ლევან ვასაძე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოს ინვესტორთან წამგებიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საბაზრო ფასზე ძვირად მოხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მოსაზრება, თითქოს "ნამახვანის" ენერგია უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია აბსოლუტურად მცდარია. კერძოდ, "ნამახვანის" ენერგიის ფასი 6.2 ამერიკული ცენტია. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს ფასი არ არის წლის საშუალო შეწონილი ტარიფი. ეს არის მხოლოდ 8 თვის ე.წ. ენერგეტიკული ზამთრის ტარიფი, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში "ნამახვანჰესის" მიერ ენერგიის გაყიდვა ბაზარზე არსებული ტარიფების შესაბამისად მოხდება. რაც შეეხება საშუალო შეწონილ წლიურ ტარიფს, სხვადასხვა გათვლებით, ჰესის წლიური ტარიფი ოპერირების დაწყების წლისთვის დაახლოებით 4.91 აშშ ცენტი იქნება", - განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, ასევე არასწორია მოსაზრება, რომ იმპორტირებული ენერგიის ფასი უფრო მისაღებია, ვიდრე ადგილზე გამომუშავებული ენერგიის ფასი.
"რაც შეეხება იმპორტირებული ენერგიის ტარიფებს, აქაც ძალიან არასწორი განცხადებები კეთდება და ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმპორტირებული ენერგიის სპეციფიკის და ფასების შესახებ. რეალურად ელექტროენერგიის იმპორტი სამი სხვადასხვა ტარიფით ხორციელდება. კერძოდ, დღის, ღამის და უქმე დღეების მიხედვით. ეს ფასები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. იმპორტირებული დღის ენერგიის ტარიფი შვიდ, რვა და ცხრა ცენტსაც სცდება ხოლმე. შესაბამისად, "ნამახვანის გამომუშავებული 6.2 ცენტიანი ტარიფი სრულად ჩაანაცვლებს დღის მონაკვეთის უფრო ძვირიან იმპორტირებულ ელექტროენერგიას. მით უმეტეს, "ნამახვანს საშუალება ექნება პიკურ პერიოდებში მიაწოდოს სისტემას ენერგია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იმპორტირებულ ენერგიაზე ფასები მზარდია, შესაბამისად, ვერ გვეცოდინება რა ვითარება იქნება რამოდენიმე წელიწადში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ იმპორტირებული ტარიფის შესახებ სპეკულაციები უნდა დასრულდეს", - განაცხადა გვიდიანმა.
რაც შეეხება 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიის გაყიდვის საკითხს, გვიდიანი თვლის, რომ ამ საკითხზე აპელირება ყველაზე დიდი უმეცრებაა.
"ხშირად ვისმენთ, სრულაიდ არაადეკვატურ განცხადებებს, მემორანდუმის ვადის გავლის შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტზე გაყიდვის შესახებ. თითქოს 15 წლის შემდეგ საქართველო ვერ ისარგებლებს "ნამახვანის" გამომუშავებული ელექტროენერგიით და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე აპელირება ყველაზე დიდი უმეცრებაა და ვინც ამ საკითხს წინა პლანზე წევს, აბსოლუტურად არ ესმით როგორ ხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ ვერცერთი გენერაციის ობიექტი ექსპორტზე ვერ გაიტანს ენერგიას მაშინ, როცა ამ ენერგიის საჭიროება საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ექნება. ზოგადად, ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის ექსპორტის ნებართვას გასცემს დისპეჩერი, ანუ ანუ სახელმწიფო ელექტროსისტემა, მაშინ, როდესაც ქსელში ენერგიის სიჭარბე აქვს, ან როცა ადგილზე ენერგიის მოთხოვნა არ არის. ხოლო, როდესაც ენერგეტიკულ სისტემას ენერგია სჭირდება, დისპეჩერის გადაწყვეტილებით თითოეული გამომუშავებული კილოვატსაათი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში იქნება მიმართული", - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
მასალის გამოყენების პირობები