ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანა მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას და ამას ხელს შეუწყობს ვაქცინაციის შეფერხებული პროცესი. მისი განმარტებით, მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, ეპიდვითარება დასტაბილურდება:
"თუ ასეთი შეფერხებით გაგრძელდა ვაქცინაციის პროცესი, ზუსტად ეს არავინ არ იცის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო. მესამე ტალღა იმ გაგებით, რა გაგებითაც ვგულისხმობთ, საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე.
საქართველო დღე გზაგასაყარზე დგას. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს.
ეს არის ის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის „კომენდანტის საათის“. ბიზნესი და ეკონომიკა ღია იქნება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც გასულ წელს იყო. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ავიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა. იცით, რომ ხვალ „ფაიზერი“ შემოდის. გარდა ამისა, მასობრივად უნდა დავუფრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა", - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






