კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, არსებული ცნობით, აღნიშნული 23 მარტს მოხდა. ვაქცინაციის პროცესის ჩვენება მსოფლიოსთვის რუსეთის ხელისუფლებამ და ალბათ პირველ რიგში თავად პუტინმა, არ ისურვა, არც ის არის ცნობილი თუ კონკრეტულად რომელი ვაქცინით აიცრა ფედერაციის პრეზიდენტი, ამიტომ – უბრალოდ, მოგვიწევს „სიტყვაზე ვენდოთ!“
„პუტინმა კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა გაიკეთა. თავს კარგად გრძნობს და ხვალ მას დატვირთული და სრულფასოვანი სამუშაო დღე აქვს“, – განაცხად „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას პრეზიდენტის პრეს–სამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა.
ვლადიმირ პუტინის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“–ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც დაიდო, თუმცა, მასში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ვაქცინა მიიღო პრეზიდენტმა. ამიტომ ისევ ერთხელ – მოგვიწევს „სიტყვაზე ვენდოთ“.
კრემლს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი არავითარი ფოტო თუ ვიდეო არ გაუვრცელებია. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა – „მას (პუტინს) ეს არ მოსწონს“ – ანუ ვაქცინაციის პროცესის საჯაროობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს სწორედ ამ საჯაროობას უწუნებს. პესკოვმა კი ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად თუ როგორ უნდა დაიჯეროს მსოფლიომ პუტინის კოვიდ–ვაქცინაციის ფაქტი, აღნიშნა – „მოგიწევთ სიტყვაზე გვენდოთ“.
და დასძინა: „არ დავაკონკრეტებთ რომელი ვაქცინით აიცრება. რუსული სამივე ვაქცინა აბსოლუტურად საიმედოა!“
რა ხდებოდა მსოფლიოს სხვა ლიდერების შემთხვევაში:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „პფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი „მოდერნას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტიც

ვენესუელის პრეზიდენტმა კი უპირატესობა რუსულ ვაქცინას „სპუტნიკ v“–ს მიანიჭა
მასალის გამოყენების პირობები






