საქართველოში დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განსაზღვრული რაოდენობა შემოიტანეს და ჯერ მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფების აცრა დაიწყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი დაბალია.
ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ საჭიროა მაქსიმალური პროპაგანდა, რათა მოსახლეობაში ვაქცინით აცრის საჭიროებაზე ცნობიერება ამაღლდეს.
ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს:
"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - წერია ჟაღმაიძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






