ინგლისში, ქალაქ პორტსმუტში ქალმა ქალწულობა ორსულობის მეხუთე თვეში დაკარგა. მიზეზი ვაგინიზმია.
იგი თავის ისტორიას ყვება.
„როდესაც 18 წლის ვიყავი, ურთიერთობა დავიწყე ჩემი ქალიშვილის მომავალ მამასთან. ვეცადეთ, გვქონოდა სექსი. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და სექსუალური გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა“, - ამბობს ვაგინიზმით დაავადებული ქალი, ნიკოლ მური.
როგორც ის ამბობს, ვაგინიზმის გამო, მათ, ინტიმური ურთიერთობისთვის, განსხვავებული გზა აირჩიეს და ამით, თავიდან აირიდეს ტრადიციული სქესობრივი კავშირი.
„ერთხელ, სამსახურში ყოფნისას, საშინელი გულძმარვის შეგრძნება გამიჩნდა. ჩემმა უფროსმა ივარაუდა, რომ ორსულად ვიყავი“, - ამბობს მური.
ქალის ორსულობა ტესტმაც დაადასტურა. ირკვევა, რომ მიუხედავად ვაგინალური კონტაქტის არარსებობისა, სპერმამ მაინც შეძლო ქალის სხეულში შეღწევა და განაყოფიერება.
ქალს ვაგინიზმი ორსულობის დროს დაუდგინეს და დეფლორაცია (აპკის მთლიანობის დარღვევა) ხელოვნური ჩარევით მოხდა. მურს მშობიარობის ძლიერი შიში ჰქონდა, თუმცა, მან უკვე იმშობიარა და ისიც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება.
ექიმები ვაგინიზმისგან განასხვავებენ კოიტოფობიასა (სქესობრივი აქტის შიშს) და ვაგინიზმის მსგავს დარღვევებს (ისინი აბორტის ან ტრავმის შემდეგ ვითარდება). ვაგინიზმიც, კოიტოფობიაც და ვაგინიზმის მსგავსი დარღვევებიც კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
ვაგინიზმი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ქალს და სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს.
NCBI-ს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ქალების 1%-ს აქვს ვაგინიზმი.
მასალის გამოყენების პირობები






