პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე რეგულაციების დაცვასა და ინფიცირების მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინის შემოსვლამდე საზოგადოებამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს:
"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ. იმისთვის რომ არ დავუშვათ ე.წ. მესამე ტალღის გავრცელება ქვეყანაში.
მე ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან ის პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. ვაქცინაციამდე უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ გარკვეული შეზღუდვები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






