მორიგი სისხლიანი გარჩევა მოხდა გუშინ ღამით თბილისში - დიდ დიღომში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, თუმცა მომხდარს ჰყავს მოწმე, რომელმაც დაჭრილი თავად გადაიყვანა კლინიკაში.
პოლიციამ მოწმე დაკითხვაზე ისე გადაიყვანა, რომ ოჯახის წევრებისთვის დიდი ხნის განმავლობაში მისი ადგილ-მდებარეობის შესახებ უცნობი იყო.
"მამაჩემს ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს, ვეკითხებოდი, რის საფუძველზე აკავებთ-მეთქი და ერთი ეს მითხრეს, არ ვაკავებთო, არც ოქმი შეადგინეს, დაკავებისა და ჩხრეკის" - განაცხადა დაკავებული მოწმის შვილმა.
მისივე თქმით, პოლიცია მათთან სახლშიც იმყოფებოდა და ორდერის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები