მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა სუიციდის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიყენა. დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სუიციდი ოჯახურ პრობლემას უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო პირმა თავისივე ავტომატური იარაღიდან განახორციელა გასროლა:
"მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები