ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს თუ რა არის საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანების მიზეზი და აცხადებს, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო.
ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი.
ინფექციონისტი სერგო ჩიხლაძეს უპირისპირება და აცხადებს, რომ ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.
"ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. და ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იყო.
ვადასტურებ, რომ მათ შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ, ასეთ შემთხვევაში კი, ვაქცინაციას დავიწყებდით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაიწყო თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ. თუმცა, იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ.
საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა. რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა. რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები.
როგორც მე ვიცი, ამის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი და ნებისმიერი სხვა კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა და შესაბამისად, ვერ აწვდის "კოვაქსს" თუ სხვა ორგანიზაციებს იმ რაოდენობას, რაც დაგეგმილი იყო.
ხოლო, ფორმალური მიზეზი ამისი [ვაქცინის დაგვიანების] იყო ის ფაქტი, რომ თითქოს მათ დამატებით მოითხოვეს გარკვეული პირობის შესრულება მიმღები ქვეყნისგან, რომელზეც დადებითი პასუხი არ იყო გაცემული.
აქ, რამდენადაც მე ვიცი, ლაპარაკია ფინანსურ გადაზღვევაზე, რომ, თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ იქნება ეკონომიკური ზარალი ამ ვაქცინის შემოტანის და გამოყენების თაობაზე, ამის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა მწარმოებელს, არამედ მიმღებ ქვეყანას – ეს პუნქტი არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო გაფორმებული არა საქართველოს მხრიდან, არამედ თავად კომპანიის მიზეზით..." , - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






