გუშინ აქცია-მსვლელობაზე დაკავებული 7 პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით 1000-1000 ლარი, ხოლო ერთ მონაწილეს - 1.500 ლარის გადახდა დაეკისრა - ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მოსამართლემ გუშინ აქცია-მსვლეობის დროს დაკავებულები უსამართლოდ დააჯარიმა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ გუშინ აქციისას პოლიციამ ძალა გადაამეტა.
"სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მიიღო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე, არანაირი სხვა მტკიცებულება არ არსებობს, რამდენიმე საათიც კი არ მომცა იმისთვის, რომ ამ ბიჭების გამამართლებელი მტკიცებულებები მომეტანა", - ამბობს ადმინისტრაციული წესით გასამართლებული აქციის მონაწილეების ადვოკატი.
შეგახსენებთ, ბათუმში, გმირთა ხეივანში გუშინ ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






