ყველასთვის საყვარელი და მონატრებული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფი მობილიზებას იწყებს - ტექნიკურმა რეჟისორმა მსახიობებს უკვე ჩამოურეკა და ახარა : თებერვალში გადაღებას ვიწყებთ და სერიალში სათამაშოდ ხომ ისევ მზადყოფნაში ხართო.
მსახიობები , რა თქმა უდა, მზად ყოფნაში არიან - ამბავმა ძალიან გააბედნიერა თითოეული მათგანი, რადგან ამხელა პაუზა ჯერ არ ჰქონიათ და საქმე მოანატრათ.
მათი თქმით, სერიალის გარეშე, ყველა მათგანს ძალიან უჭირს და ერთი სული აქვთ როდის გავლენ გადაღებ მოედანზე.
"ძალიან მომენატრა ყველა, ოჯახის წევრებივით არიან. იმხელა პაუზა გამოვიდა, რომ უკვე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებას. ძალიან მომენატრა მუშაობა. ჩვენ უკვე უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებთ", - გვეუბნება ნინო გაჩეჩილაძე, იგივე კატო კირვალიძე.
"მომენატრა საქმე, დათო გოცირიძემ ცხოვრების ამხელა ნაწილი წაიღო. ახლა წვერს ვატარებ და თუ მალე დავიწყებთ გადაღებებს, მომიწევს წვერთან გამომშვიდობება. ეს წვერი მაგ კაცის სტილი არ არის", – ამბობს ლევან ყოჩიაშვილი.
ლამარას როლის შემსრულებელმა, ზუგდიდის თეატრის მსახიობმა, მარინა დარასელიამ, კოვიდ-19 ოქტომბერში დაამარცხა და ახლა, როგორც ამბობს, უშიშრად ემზადება საყვარელ სერიალში სათამაშოდ და ამბობს, რომ "ზუგდიდი და სამეგრელო ფეხზე დგას".
"დამირეკეს, თებერვალში ვიწყებთო. მეც ველოდები, ჩემს როლზე როდის დამიძახებენ. სერიალს და მით უმეტეს, “ჩცდ”-ს მეგრელების ხაზს სამეგრელოში იმხელა რეიტინგი აქვს, რომ არ არსებობს, ქეთი დევდარიანმა ჩვენზე არ დაწეროს. მთელი ზუგდიდი და სამეგრელო ფეხზე დგას, როდის დაიწყება ახალი სერიები. მოკლედ, ასე ველოდებით, რა სცენარი დაიწერება.
მომენატრა საქმე. კორონავირუსზე რომ ვიმკურნალე და კლინიკიდან გამოვედი, ერთი თვის შემდეგ, თეატრში სპექტაკლი “უხერხემლო” დავდგით, უმაყურებლოდ ვითამაშეთ და ვიდეო გადავიღეთ.
ასეთი გაჩერებული პერიოდი არასდროს მახსენდება. სულ რეპეტიციებში ვიყავი. საქმე, გადაღება… შარშან, 19 თებერვალს რომ ვითამაშე სპექტაკლი, მალე ერთი წელი გახდება, რაც სცენაზე არ მითამაშია. ეს მსახიობისთვის საშიანელებაა.
მოკლედ, ასე, ლამარა თქვენთან შესახვედრად მზადყოფნაშია", - ამბობს მარინა დარასელია, იგივე ლამარა, "პრაიმამბებთან".
მასალის გამოყენების პირობები