ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განმრტებით, ვაქცინას სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ.
გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე აიცრება, 15 000 მედიკოსი და ვაქცინაცია თვის ბოლოს დაიწყება.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
"10 კლინიკა იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ საუბარია, პირველ რიგში, იმაზე, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ წარსულში გამოცდილება და, ასევე, შეტყობინება, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა. რეგულირების სააგენტოში უნდა იყოს ასეთი შეტყობინება გამოგზავნილი და, არის უკვე სპეციფიკური მოთხოვნები: ადგილზე სულ მცირე, 3 ბრიგადა მაინც უნდა იყოს მობილიზებული, პაციენტთა ნაკადები უნდა გაიყოს, ისინი უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან; სამედიცინო პერსონალის კონტიგენტს, რომელიც მივა ასაცრელად, უნდა დახვდეს ცალკე, იზოლირებული შესასვლელი. ასევე, ინფექციის კონტროლის პირობების დაცვით, ცალკე მოსაცდელი სივრცე, სადაც ათამდე ადამიანი მაინც უნდა დაეტიოს და, ასევე, უნდა იყოს მომზადებული აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






