ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ნათლისღების წირვაზე, ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია.
როგორც მიტროპოლიტ დიმიტრიმ აღნიშნა, ბიბლია გვასწავლის: გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება , - შესაბამისად, ვაქცინა არის ამ პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალება.
"ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველაგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის: გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება.
რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება" ,- განაცხადა მიტროპოლიტ დიმიტრიმ.
მასალის გამოყენების პირობები






