გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლები მხოლოდ საკუთარი ოჯახის დასაცავად აიყვანა, რადგან ის სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
მძევლების აყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მენაბდიშვილი “მთავარს” დაუკავშირდა და მოუყვა, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში, ერთერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა.
მას შემდეგ, რაც ქარხანამ მცირე, მაგრამ მოგების მოტანა დაიწყო, მენაბდიშვილს პრობლემები შეექმნა სხვა მეწილეებისგან, რომლებმაც საქმეში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც. მენაბდიშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, მაგრამ სამართალი ვერ იპოვა, რის შემდეგაც მძევლების აყვანა დაგეგმა.
16 იანვარს, მძევლებთან ერთად ის რამდენიმე საათის განმავლობაში კასპში, ერთერთ ქვის საამქროში იყო გამაგრებული და რუსეთის მიმართულებით უსაფრთხო გასვლის გარანტიასა და ავტომანქანას ითხოვდა.
"ამ ბავშვმა ეს საქმე იმიტომ ჩაიდინა, რომ პოლიციის ყურადღება მიექცია. ის არც ფულს ითხოვდა, არაფერს, ის ითხოვდა, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ მისი ოჯახის. ფიქრობდა, რომ იქნებ მე რომ წავალ ცოლ-შვილს თავი დაანებონო. ძალიან შეშინებული იყო", - ამბობს გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრი.
მასალის გამოყენების პირობები