19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„საქმის მასალები გადმომეცა, გავეცნობით და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ეს იყო წმინდა წყლის შემთხვევა, ყოველგვარი განზრახვა არის გამორიცხული“, - განაცხადა ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძე.
1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დღის წინ დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






