შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რაჭის მიმართულებით გაფრინდა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ის ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს.
სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.
დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.
შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.
მასალის გამოყენების პირობები