საქართველოს კლინიკები ასოციაციის ვარაუდით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს. ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გაატარონ შესაბამისი ზომები, რადგან ახალი შტამის გავრცელების რისკები საკმაოდ დიდია.
საქართველოს კლინიკების ასოციაცია იმ გასატარებელ ღონისძიებებს აქვეყნებს, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია პრევენციისთვის:
"1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება "კარდაკარის," პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები;
2) ვირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი გახდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა;
3) მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან;
4)აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ;
5) საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი ხელსახოცით ან დამუშავდეს მაღალპროცენტული (96%-ნი სწრაფად აქროლადი) ეთილის (სამედიცინო) სპირტით;", - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






