ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ , თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით რაიმე ახალი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება და კვლავ ის წესები უნდა დავიცვათ, რასაც აქამდე ვასრულებდით.
მისი თქმით, ყველა მუტაციაზე გამოკიდება ძალიან რთული იქნება.
"ახალი, განსხვავებული პრევენციული ღონისძიებები ვერც იქნება გამოყენებული და მთავარი არის ის, რომ ის წესები, რაც ვიცით, უნდა დავიცვათ. მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ასე გამოკიდება ყველა მუტაციაზე იქნება ძალიან რთული, ამდენად თავის დაცვა, ინდივიდუალური ზომები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში", - თქვა გაბუნიამ.
გაბუნიამ განაცხადა, შტამზე ბევრი რამ უცნობია და ერთადერთი, რაც აქამდეა ცნობილი, არის ის, რომ შტამი, შესაძლოა, უფრო მალე ვრცელდებოდეს.
"ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე წესების დაცვის კუთხით.
რაც შეეხება იმას, რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე დასაბუთებული, მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ - ეს შტამი უფრო მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას, გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა დადასტურებული არ არის", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ, 4 იანვარს დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






