საქართველოს სამეფო კარმა მოსახლეობას ახალი წელი ახალი ამბით მიულოცა. მისალოც ფოტოზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ქართველი პრინცის მეუღლე ირინა ბეგაშვილია, რომელიც სამეფო სახლმა პრინცესად მოიხსენია.
გავრცელებული ინფორმაციით, ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.
ოჯახის ახლობელი ყვება, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ კი გააოფიციალურეს ურთიერთობა და პრინცმა მეუღლე საზოგადოებას ახალ წელს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად წარუდგინა.
ირინა ბეგაშვილი წლების მანძილზე ერთ-ერთ ბანკში პირად ბანკირად მუშაობდა. ირინამ თავის დროზე დავითთან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.
"დავითი და ირინა წლებია ერთად ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერები არიან. დავითი ძალიან კარგად ექცევა ირინას" - ამბობს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონი ქართულ საზოგადოებაში ცნობილი სკანდალური ცხოვრებით გახდა. ანა ბაგრატიონზე დაქორწინებისა და განშორების შემდეგ, მალე ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრინცი მოდელ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილზეც იყო შეყვარებული და როგორც ტელეწამყვანმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, დავითი მას სასტიკად ექცეოდა და სწორედ ანას გამო მიატოვა.
დავითი ანასთან ქორწინებამდე ირინა ბეგაშვილზე იყო შეყვარებული და არა შორენაზე, რომელთანაც მცირეხნიანი რომანი აკავშირებდა. სამეფო კარის ორი შტოს წარმომადგენლები დავით ბაგრატიონ მუხრანელი და ანა ბაგრატიონ გრუზინსკი სკანდალური განქორწინებისა და სასამართლო პროცესების მიუხედავად ამაჟამად ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
აქვე, ანას და დავითს საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონი ჰყავთ, რომელიც მამასთან ერთად ხშირად ჩნდება და საქართველოს სამეფო კარი მას მომავალ მეფედ მოიხსენიებს.
მასალის გამოყენების პირობები