საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ, მათი საჩივრის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში.
მათი თქმით, პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე განისაზღვრება, ამ დროის მიღმა კი პერიოდი არასამუშაო დროდ ითვლება.
"სადავო ნორმის თანახმად, თუკი დაკავების პირველი 12 საათი ემთხვეოდა სამუშაო დროს, ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს, ხოლო თუკი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავების ვადა გრძელდება 48 საათის (ორი დღე-ღამე) განმავლობაში. მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17 საათზე", — აცხადებენ საიაში.
მასალის გამოყენების პირობები






