მასალა: კვერცხი – 14 ცალი, შაქრის ფხვნილი – 5 ჩაის ჭიქა, კარაქი – 100 გრამი, რძე – ერთი ჩაის ჭიქა, ფქვილი – 11 სუფრის კოვზი, ალუბალი – 1,5-2 კილოგრამი, ვანილი, კონიაკი – გემოვნებით
კარგად გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, გავხლიჩოთ შუაზე და ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ჯერ ალუბალი, მერე შაქრის ფხვნილი (2 ჩაის ჭიქა), ისევ ალუბალი და ასე შემდეგ. მეორე დღეს, ან 4-5 საათის შემდეგ ალუბალი გაუშვებს წვენს და მზად იქნება ტორტისათვის.
ერთი ჩაის ჭიქა ალუბალი დავტოვოთ მთელები (უშაქროდ) ტორტის ზემოდან მოსართავად. გავაკეთოთ ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით: 12 კვერცხი ცილა ავთქვიფოთ კარგად, შევათქვიფოთ 12 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი და 10 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის გულისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ცხელი რძე, დავადგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, შევათქვიფოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით, რომელსაც დამატებული ექნება 2 სუფრის კოვზი კონიაკი, ან არაყი. ქვედა ფენა დავფაროთ დაშაქრული ალუბლით, დავასხათ კრემი, შემდეგ ისევ ალუბალი და დავაფაროთ ზედა ფენა. 2 კვერცხის ცილა, რომელიც კრემიდან დაგვრჩა, გავთქვიფოთ გათეთრებამდე.
თანდათან შევურიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ვანილი და დაშაქრული ალუბალი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა), ვთქვიფოთ კარგად მიქსერით, სანამ სქელ მასას არ მივიღებთ, ამ მასით დავფაროთ ტორტი მთლიანად (ზემოდან და გვერდებზე) და მოვრთოთ ცოცხალი ალუბლებით.
მასალის გამოყენების პირობები