აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ამჯერად ანტისხეულების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას.
ექიმი წერს, რომ ახალ კვლევებზე დაყრდნობით თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და ანტისხეულები განვითარდა, მისი რეინფიცირების რისკი 10-ჯერ მცირდება.
“ძალიან საინტერესო და ამავე დროს დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა გუშინ, 23 დეკემბერს, The New England Journal of Medicine-ის ონლაინ ვერსიაში, სათაურით – „Antibody Status and Incidence of SARS-COVID-2 Infection in Health Care Workers“. კვლევა ბრიტანულია და 12 541 მონაწილე იქნა შესწავლილი. სამეცნიერო-სტატისტიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, დაინტერესებული თავად მონახავს, მაგრამ დასკვნა ასეთი იყო: სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ-პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არსებითად, მკვეთრად ამცირებს რეინფექციის რისკს. ანუ, თუ და როცა, გადატანილი ინფექციის შემდეგ ადამიანს სისხლში აღენიშნება იმუნოგლობულინ G-ს არსებითი კონცენტრაცია, მაშინ დაცული იქნება განმეორებითი ინფექციისაგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ზემოხსენებული ვრცელი კვლევის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები იყვნენ.
„ამ კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ, თუ კოვიდი გადაიტანე და ანტისხეულები გაგივითარდა, 10-ჯერ მცირდება შენი რეინფექციის რისკი“ – განაცხადა კლივლენდელმა პროფესორმა კრისტოფერ კინგმა; „ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა აქამდე“.
კვლევის შედეგებს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია აცრების ლოგისტიკაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით ვაქცინა ჯერჯერობით ყველგან დეფიციტურია. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 53 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია. ეს ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული უპირატესობის მოცემა შეუძლია ვაქცინების ადექვატურად გადანაწილების პროცესში.
გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება ალბათ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის – CDC-ის რეკომენდაციებშიც. აქამდე ეს სააგენტო ამბობდა, რომ რეინფექციის შანსი ჩნდება დაავადების გადატანიდან 90 დღის შემდეგ, ახლა ეს პერიოდი ალბათ გაიზრდება მინიმუმ 6 თვემდე.
კვლევამ ცხადია ახალი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გააჩინა. თუნდაც ის, რატომ განუვითარდა რეინფექცია კვლევის 2 მონაწილეს, მიუხედავად იმუნოგლობულინ G-ს ადექვატური ტიტრისა. შესაძლოა ეს ადამიანები რაღაც მიზეზის გამო იმუნოკომპრომეტირებულები იყვნენ. „ჩემი აზრით, ინფექციისაგან ძირითადათ ანტისხეულები გვიცავენ, ე.წ. T-უჯრედები კი დაავადების განვითარების მძიმე და მსუბუქ ფორმებზე აგებენ პასუხს“- თქვა კინგმა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი. არის სპეკულაციებიც, რომ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულ-ლოგიკური ჰიპოთეზებია და არა დადასტურებული ფაქტი.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აიცრან თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ბუნებრივად განუვითარდათ ანტისხეულები. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ CDC. – ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19, შეიძლება მაინც მიიღონ სარგებელი ვაქცინაციისაგან“ – მითითებულია ვაქცინაციის ვებგვერდზე. დამატებით: – „კოვიდ-19 -ით რეინფექციით გამოწვეული დაავადების მაღალი საშიშროების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეინფექცია შესაძლებელია, ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ მიუხედავად გადატანილი ინფექციისა, მაინც ჩაიტარონ ვაქცინაცია“. მთავარი სიტყვა ამ რჩევებში არის „შეიძლება“. ლოგიკურია.
ამ ეტაპზე გადაჭრით ვერც უარყოფ რამეს და ვერც დაადასტურებ. აქ უკვე პირადი არჩევანი, გათვლილი რისკები და ინსტიქტიც კი ერთვება საქმეში.
2021-ის პირველ თვეებში კიდევ ბევრი ახალი კვლევა წამოგვეწევა, რომლებიც ნელნელა შეამცირებენ ექიმთა რეკომენდაციებში „შეიძლებას“ და „ალბათს“ , მანამ კი ლოგიკა და რისკ-სარგებლიანობის გონივრული აწონ-დაწონაა საჭირო”,-წერს ზურაბ გურული.
მასალის გამოყენების პირობები