სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულებაში შაბათს, 29 ნოემბერს, საღამოს სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო. მიზეზი არასრულწლოვანთა მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადება, ე.წ. ციხის ბუნტი იყო. - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ერთერთი პატიმრის ოჯახის წევრმა შეატყობინა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა ბუნტის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენეს და ამბოხი ჩაახშვეს, რამდენიმე პატიმარი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან მათთვის მიყენებული დაზიანებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურების სფეროს კომპეტენციას სცილდებოდა.
ერთი ვერსიით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ არასრულწლოვანი, დაზიანებული პატიმრები ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში ამ ინფორმაციის კომენტარის დროს მხოლოდ ერთი წინადადებით: „მსგავსი არაფერი მომხდარა“ შემოიფარგლნენ, ხოლო ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მისაღებში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, რომ შაბათს არასრულწლოვანი პაციენტები შემოიყვანეს, მაგრამ პაციენტთა ვინაობის დასახელების გარეშე მათზე ინფორმაციას ვერ გასცემდნენ.
ამასთან, კლინიკაში უარი თქვეს განემარტათ, იყვნენ თუ არა შაბათს შემოყვანილი არასრულწლოვანი პაციენტები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
მასალის გამოყენების პირობები






