დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა.
თუმცა, მისივე თქმით, ახალ შტამზე, ევროპიდან დაბრუნებულ რამდენიმე ადამიანს უკვე იკვლევენ.
,,ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვნახოთ რა იქნება.
ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ, ხომ არ არის ეს მუტაცია,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ხალი შტამი ძველისგან მხოლოდ გადადების სისწრაფით განსხვავდება.
,,კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ, შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე არსებული. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუჰანიდან წამოსული შტამები. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მეტ სიმძიმეს. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ, ვაქცინა მასზეც იმოქმედებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






