დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ექიმები ძალიან გადაღლილები არიან და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული სამართავად. ამიტომ, მოსახლეობას მოუწოდებს ფრთხილად იყვნენ, არ იარონ მაღაზიებში და ახალი წელი აღნიშნონ მოკრძალებულად.
"არის გარკვეული ტენდენცია ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალი გვაქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ოდნავ შემცირდა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ მეორე მხრივ, გაითვალისწინეთ, რომ ჩემი კოლეგები, ექიმები ძალიან გადაღლილები არიან და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული სამართავად. ამიტომ, ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გავითავისოთ, რომ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს საქმე მსოფლიოს. არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან. წლევანდელი ახალი წელი უნდა იყოს სრულად მოკრძალებული, რომ ჩვენ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება, შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში. ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებში , გვექნება გარკვეული ზრდის ტენდენცია ისევ, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე მისი ინტენსივობა, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის, ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება" , - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






