ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 9 თვე გავიდა.
დღეს, 19 დეკემბერს სამყურაშვილი 43 წლის გახდებოდა. მისი მეუღლე ეკატერინე ტოგონიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს დღეც დადგა. 19 დეკემბერი. შიშით ველოდი.
შენი გარდაცვალებიდან თითქმის 9 თვისთავზე შენი დაბადების დღეა!
ჭრილობა, რომელიც აპრილში სიამის ტყუპივით შეზრდილი ადამიანის ჩამოთლამ გააჩინა, თითქოს ისეთ სახსარში მოხვდა, რომ გატოკებისთანავე იხსნება, შეხორცებას არც აპირებს, ყოველ გამოძრავებაზე ხელახლა აღებს პირს და ჩემ ნაცვლად ლაპარაკობს, ამ ჭრილობიდან გადმოდის სიტყვები, წინადადებები. ვცდილობ, ამოვკერო, ყოველ დღე ახალ ნაკერს ვადებ, ვკემსავ და ვადუმებ. სიტყვებს ვასწორებ, გამოჟონილი ტკივილისგან ვასუფთავებ, უკეთესი ფრაზებით ვანაცვლებ, უფრო მსუბუქით, უფრო ასატანით. ეს ხომ მართლა შეუძლია ენას, ერთი ამბავი სხვადასხვაგვარად მოგვიტანოს, რბილად, დამნდობად, ტაქტიანადაც. მეც ასე ვეცდები:
გილოცავთ ნიკოლოზობას ყველას, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია. მთელი იმ ჯადოსნური ძალით შეგეწიოთ, რომლისაც გჯერათ და რომელსაც ენდობით.
გაზაფხულზე სააგენტოებმა შეცდომით დაწერეს: 43 წლის ასაკში გარდაიცვალა რატი სამყურაშვილი. და მე ვიფიქრე: ნეტა!.. ეს ერთი წამატებული წელიც რა ბევრია, ღმერთო, რა უსასრულოდ ბევრი.
სინამდვილეში შენი 43 დღეს შესრულდა. დადგა უშენოდ.
ყოველთვის, როცა სახლში ვბრუნდები და კარს გასაღებით ვაღებ, მახსენდება, როგორ მომიყვანე აქ და მაჩვენე: აი, შეხედე, ასე გაუკეთებ გასაღებს, ასე გადაატრიალებ და გაიღება. ბავშვივით მასწავლე კარის გაღება და წინ გამიძეხი. დამათვალიერებინე ყველაფერი, შენი ხელით შექმნილი, შენი გემოვნებით შესრულებული. რა უცანურია გონება, ყოველ ჯერზე იმეორებს ამ ფრაგმენტს და შინ შესვლისას სასიამოვნოდ ჩამესმის მონატრებული ხმა, ისევ შენ მოგყვები. თუმცა რაღა სახლში, ყველგან ასეა.
ლაბირინთი იყო ეს ცხრა თვე. დადიხარ, დარბიხარ, ზოგჯერ ფეხებს მიათრევ, იღლები, ჩერდები, მერე ისევ ჩქარდები, გეჩვენება, რომ, აი, იპოვე გასასვლელი, იპოვე პასუხი, გამოსავალი, მაგრამ ჩიხია, უშენობის კედელი – უშენობა როგორც შენობა, დიდი, მონუმენტური, სახლზე დიდი, ქალაქზეც დიდი, ქვეყანაზეც.
ყოველი დღე წინა წლის ტყვეა. იმეორებს და იმიტირებს შარშანდელ ამბებს, რა ხდებოდა იმ დღეს, იმ საათში, იმ წუთას: რა გვიჭირდა, რას ვდარდობდით, რას გავურბოდით, რას მივსდევდით ან ვეჭიდებოდით, რა გვეგონა ან გვეიმედებოდა, ტრიალებს და ბრუნავს ციკლი, გამოუვალი წრე – შარშანდელი ანუ ბოლო წელი. ახლაც შარშანდელ საჩუქარს ვუყურებ და ვფიქრობ.
შენთვის საჩუქრის შერჩევა, ყოველთვის რთული იყო, თვეებით ადრე ვიწყებდი მზადებას. თურმე ჯერ სად ვიყავი. ნახე, წელს როგორ გართულდა ყველაფერი, წარნოუდგენლად გართულდა შენი საჩუქარიც.
შარშან მე და თუთამ ორი თვით ადრე ვიპოვეთ ძალიან კარგი მხატვარ-რესტავრატორი, რომელის მაშინვე შეუდგა მუშაობას ამ ნახატზე – მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციაზე, შენი ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებაზე, დიდ სიყვარულზე. აი, ასე გულიანად, ზუსტად შეასრულა ტილოს გადიდებული ასლი. ნახატს ვირტუალური საჩუქარიც დავურთეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა ვიდეომოლოცვა ჩაგიწერეთ, რომელიც ძალიან პირადია და აქ არ ვაქვეყნებ. ნანა ექვთიმიშვილმა მუსიკა შეგვარჩევინა, თუთამ დაამონტაჟა, ნინომ საბოლოო სახე მისცა. ყველამ ვეფხისტყაოსნის თითო აფორზმი აარჩია და ამ ფრაზით ილაპარაკა შენზე. მობილურებით ვიღებდით, სიამოვნებით გიყვებოდით, როგორი ხარ ჩვენთვის, რისი მაგალითი და რა იმედი. ვუსმენდი ჩემს მეგობრებს, მონტაჟის პროცესში ათჯერ ვატრიალებდით თითოეულ ჩანაწერს და ერთ რამეს მივხვდი: მე აქ არაფერ შუაში ვიყავი, ან ზუსტადაც შუაში ვიყავი და მეტი არაფერი. ჩემგან გაგიცნეს, მაგრამ ჩემგან სრულიად დამოუკიდებელი სიყვარული, ძალდაუტანებელი და ბუნებრივი მოჯაჭვულობა გაუჩნდათ შენ მიმართ, მთლიანად გასცდნენ ოჯახის წევრად ქცეული მეგობრის ქმართან ურთიერთობის ვალდებულებას და შენი ნახვა მართლა დღესასწაულად მიიღეს. „რატი იქნება?“ – მეკითხებოდნენ და ახლიდან უხაროდათ ყოველი შეხვედრა.
ზუსტად ასე იყო. რატი ჩემი მეგობრებისთვის განყენებულად მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, რომელსაც ისეთი უნიკალური ნდობით ემეგობრებოდნენ და იმედით ეყრდნობოდნენ, როგორც არავის სხვას. თითქოს ისედაც ვიცოდი, რომ მათ გულებში და ცხოვრებაში მხოლოდ რატისთვის განკუთვნილი, განსხვავებული კუნძული არსებობდა, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა, რამხელა იყო ის… ვიღებდით, ვამონტაჟებდით, ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად ვმოქმედებდით, თითქოს რაღაც მარათონში ვიყავით ჩაბმულები, წესით 19 დეკემბრამდე ყველაფერს ვასწრებდით, მაგრამ მაინც ერთმანეთისთვის გაუმხელელი ნერვიულობით ვჩქარობდით და რამდენიმე დღით ადრე უკვე ნათელი გახდა, რომ ტყუილად არ გვდევდა ეს უსიამოვნო განცდა. მარტოები არ მივიჩქაროდით რატისკენ, მისი დაბადების დღისკენ, ჩვენთან ერთად გლიობლასტომის ელვისებური უჯრედები მიჰქროდნენ 19 დეკემბრის და ყოველი ახალი დღის დასაპყრობად, რომელიც ჩვენი, მხოლოდ დროებითი, ცხოვრებისგან გამოგლეჯილი, გამარჯვებები იყო. დავასწარით. 19-ში ვერა (ძალა არ შესწევდა), მაგრამ მერე და მერე რატიმ არაერთხელ მოისმინა სიყვარულის ყველაზე გულწრფელი ახნსა, საერთოდ იმ ყველაფრის ახსნა, რისთვისაც იბადება და კვდება ადამიანი. რამდენჯერ ჩამირთავს რეანიმაციად ქცეულ ოთახში ეს ვიდეომიმართვა, ამდენჯერვე აცრემლებულა იქ მყოფი ექთანი, ექიმი, ოჯახის წევრი. მართლა ძნელია პათეტიკის გარეშე გულწრფელად ილაპარაკო ციტატებით, ხელოვნურობისგან და გაპრანჭვისგან დაცლილმა დაახასიათო ადამიანი აფორიზმებით და სიყალბის ნასახიც არ გამოერიოს ამ შედარებებში. ყველა მონაწილემ იოლად შეძლო ეს. ვიდეო ლოგიკურად დაასრულა თუთამ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“… გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გავბედე, მეკითხა, სჯერა თუ არა ამ სიტყვების და ისე სწრაფად მიპასუხა, ენა ჩამივარდა: „კი, ოღონდ in a long term“. რა ფანტასტიკურად სხარტები არიან ბავშვები. რამდენს ამბობს ეს თინეიჯერულად მარტივი, ინგლისურგამორეული, გლობალური, ყოვლისმომცველი პასუხი. პატარებს ხომ იმაზე მეტი აქვთ ნაფიქრი, ვიდრე ჩვენ, დიდებს, გვგონია. ჩვენზე ძლიერია მათი რწმენაც, შეგნებაც, გადარჩენის უნარიც, ვეფხისტყაოსანთან კავშირიც კი და თვით სიცოცხლის სიყვარული. შვება ვიგრძენი.
ზაფხულში ერთი ძალიან კარგი პროექტი წამოიწყო მწერალთა სახლმა, პირველად დააწესეს ავტორებისთვის „მწერლის სტიპენდია“. კონკურსზე მეც ვიყავი წარდგენილი, რომანის სინოფსისით და მოკლე ბიოგრაფიით. პასუხი ივნისის დასაწყისში უნდა ყოფილიყო და რომ არავინ გამოჩნდა, იქვე დავივიწყე ეს ამბავი. ბოლო წლებმა თუ რამე მარგო, წვრილმანებზე ღელვას ნამდვილად გადამაჩვია. 17 ივნისს ჩვენი ქორწინების 14 წლის იუბილე იყო, ფეიბუქმაც ამოაგდო რომელიღაც წლის ფოტო და მოლოცვები, დაემატა ზედ გაბზარული გულები და ცრემლები… ზღვაზე ვიყავი. დილიდან ამეკვიატა ფიქრი: „თუ ყველაფერი სწორად იყო, რამე მითხარი. თუ ყველაფერი გავაკეთე შენთვის, მომილოცე ეს დღე.“… ძალიან მერიდება ასეთი ფიქრების, ახლაც მიჭირს გამხელა, ეს ნამდვილად არაა ჩემი ის ნაწილი, რომელსაც თავისუფლად გიზიარებთ… ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი არაფერი წამომცდეს. რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ადამიანი, ითხოვს შეუძლებელს, მათხოვრობს სიყვარულს, ფიქრები თავისი ურჩი დინებით მიდის, ვეღარც ვეწევით. “თუ ისევ მე ამირჩევდი ყველაფერი წინასწარ რომ გცოდნოდა, როგორმე მომილოცე”…
„გილოცავ!“ – მომივიდა ჩემი მეგობრის (ბექას) მესიჯი. ტელეფონი ხელში გამიქვავდა. ვიფიქრე, ეტყობა ფეისბუქ მემორი ნახა…ან ეს რაღა მოსალოცია…თუმცა მაინც მოსალოცია, აბა რა არის…
მოკლედ ძალიან დავიბენი და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მწერლის სტიპენდია მიმიღია, დაგვიანებით გამოუქვეყნებიათ შედეგები, სწორედ ამ დღეს და მე ბექასგან გავიგე. „გილოცავ“ – ათჯერ მაინც წავიკითხე მონაწერი და მეც ვუპასუხე: „მადლობა, ბექა“. ეს სიტყვები კლავიატურაზე ავკრიფე და გულში ვიფიქრე: „მადლობა, რატი“.
პასუხი მიღებულია.
თამრიკოს ხშირად ვაყოლებდი რატის დაბადებას. ძალიან მომწონდა ამ ამბის მოსმენა, თამრიკოს ტკბილი ხმა და ჭიათურის თოვლიანი ზამთრის იმ ბედნიერი დილის წარმოდგენა, როცა შენ დაიბადე. უზარმაზარი თოვლი, გაუკვალავი გზები, უტრანსპორტობა… თამროს ფეხით მოუწია სამშობიარომდე რამდენიმე კილომეტრის გავლა. ეს ალბათ ორივეს დაგეხმარათ, მუცლით ბოლო გასეირნებამ საბოლოოდ მოგამზადა და სამშობიაროში მისვლისთანავე მარტივად, სწრაფად, უმტკივნეულოდ დაიბადე, პირველი ტირილი დასცხე და ასე შეეგებე 43 წლის წინანადელ ნიკოლოზობას. შენი სახელი მამას წინასწარ ჰქონდა შერჩეული და ვერც ნიკოლოზობამ გადაათქმევინა. ასე მოევლინა ქვეყანას რატი რევაზის ძე, კირას ძმა. მერე ჩვენი შვილიც ნიკოლოზობას გაჩნდა, ოღონდ მაისში, შენს საყვარელ 22 რიცხვში.
აგვისტოში ავარიაში მოვყევი, რომელზეც ლაპარაკი არ მინდა და მხოლოდ ერთს ვიტყვი, იქიდან ადამიანი ცოცხალი არც ერთი წესით, არანაირი კანონზომიერებით არ უნდა გამოსულიყო. მე მხოლოდ ფეხი ვიღრძე, ისიც მსუბუქად, ისიც იმიტომ, რომ თავს ვიცავდი და სახეს ვიფარავდი კიდურებით. მაშინაც შენზე ვფიქრობდი, ბევრი რამის მოსაზრება მოვასწარი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა და ნაწილებად ილეწებოდა. გადავრჩი. ცხოვრება გაგრძელდა. ერთმა ახლობელმა ძალიან უცანური კომენტარი გააკეთა ამ ამბავზე: „გაუშვი რატი, აპატიე რომ მარტო დაგტოვა.“ დიდ ხანს ვფიქრობდი, რა კავშირი ჰქონდა ამ სიტყვებს ავარიასთან, რა აბსურდია ამ ამბის ასე შემოტრიალება? ეს ნათქვამი გულზე ჭვალივით დამადგა, იქნებ იმიტომ, რომ მართალია, იქნებ იმიტომ, რომ რაღაცაში მამხილა. თითქოს სადღაც ზემოთ ამიყვანა, რომელიღაც რაკურსი გამიხსნა, მწვერვალიდან გადმომახედა, იქიდან დამანახა მთელი ჩემი წყენა, მიჩვენა ცრმელის მდინარეები და მთებად აზვირთული ტკივილები. განა გინდოდა წასვლა, მაგრამ მაინც წახვედი… რატომ აღარ ხარ? რატომ წახვედი?
მაშინ ეს იყოს წელს შენი დაბადების დღის საჩუქარი, რატი. ან რა შემიძლია ამაზე მეტი:
გპატიობ და შენც მაპატიე“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე.
მასალის გამოყენების პირობები