რას გვკარნახობს პანდემია...
ცხადია, მიმდინარე პანდემია, რომლის ხანგრძლივობა ჯერაც არავინ იცის, ვერ მიიჩნევა შემთხვევითობად. ამ პლანეტარული მასშტაბის ტრაგედიიდან ძალაუნებურად მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თანამედროვე კაცობრიობამ დაარღვია სამყაროს ფუნდამენტური კანონები, გასცდა დასაშვებ ფარგლებს და ის ,,ვიღაც“ თუ ,,რაღაც“ გარკვეულ ჩარჩოებში დაბრუნებას გვთავაზობს... ამ შემთხევაში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რას ვუწოდებთ ,,მას“: ღმერთს, ბუნებასა თუ განგებას – მოვლენის არსი არ იცვლება. მაშ ასე:
I. პირველ ყოვლისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ, კოვიდმა შეზღუდა ჩვენი გადაადგილება და თავშეყრა. მაშასადამე, ,,მას“ არ სურს, რომ ადამიანმა მასობრივი ცნობიერებით იხელმძღვანელოს და ინდივიდუალიზმისკენ გვიბიძგებს.
დამოუკიდებლად ადამიანი მხოლოდ მაშინ აზროვნებს, როდესაც ის მარტოა – ამ გზით ეძლევა სრული თავისუფლება კრიტიკული აზროვნების უნარს და შესაძლებელი ხდება, სინამდვილის ადეკვატური (არა სხვის მიერ ნაკარნახევი) აღქმა. იქნება ეს ისეთი თავშეყრის ადგილები, როგორებიცაა: სტადიონი, მიტინგი, დღესასწაული თუ გლოვა და სხვ. – არ აქვს მნიშვნელობა – ბრბოში პიროვნება ქრება და მისი გონი კოლექტიურ ცნობიერებას ექვემდებარება. პირობითად, მილიონიან კრებულში ადამიანის ტვინის ერთი/ მემილიონედია ფხიზლად, დანარჩენი კი დაქვემდებარებულია ,,მასობრივ ფსიქოზს“.
მოკლედ, ,,ის“ მოგვიწოდებს საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, კრიტიკული აზროვნებისკენ და,ზოგადად, დაფიქრებისკენ...
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგზაურობის მკვეთრი შეზღუდვის შედეგად, დღეს უკვე საყოველთაოდ შესამჩნევია გარემოს გაჯანსაღება.
II. კაცობრიობა მიეჩვია და ნორმად იღებს მდიდრებსა და ღარიბებს შორის წარმოუდგენელ დისბალანსს. პანდემიამ კი, ნაწილობრივ მაინც ეს ორი ჯგუფი გაათანასწორა. მდიდრები ვეღარ მოგზაურობენ და ვერ ეძლევიან ძველებურ განცხრომას (რესტორნები, კურორტები, ბარები, დისკოტეკები – შეზღუდულია). პრივილეგირებული კლასის ფუფუნება მოჩვენებითი შეიქნა, ხოლო სიმდიდრე უმწეო აღმოჩნდა მომაკვდინებელი სენის წინაშე – სიკვდილის შიშმა ადამიანები გაათანაბრა.
ამავე დროს, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობაში მყოფი ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა... მოყვანილი ორი გარემოებიდან, ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ,,ის“ მდიდრებს დაჩაგრული ადამიანებისადმი მოწყალებისკენ, ლმობიერებისკენ, დახმარებისკენ და შემწყნარებლობისკენ პირდაპირ მოუწოდებს. დანარჩენი – დაფიქრება და სინდისის კარნახით მოქმედება – უკვე მათი საქმეა...
III. პანდემიან დაგვანახა, რამდენად უმწეოა კაცობრიობა – მისი ყოვლისშემძლეობის მითი დაისმხვრა. ადამიანების თავდაჯერებულობა, მეცნიერული მიღწევებით გაამაყება და ცოდნა – ეს ყველაფერი მირაჟი აღმოჩნდა... თურმე, ჩვენ, როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ვიცით მხოლოდ ის, რომ არაფერიც არ ვიცით... და მორჩა!
დასკვნა:
ასეა თუ ისე, ,,ის“ გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს და გვკარნახობს, საუკუნოვან ჭეშმარიტებებს დავუბრუნდეთ. ზომიერება, მოთმინება, თავმდაბლობა, სინანული, გულმოწყალება, სიკეთე, სილამაზე, ინდივიდუალური თავისუფლება და ამ ყველაფრის ჯამი – სიყვარული გადაარჩენენ სამყაროს და ჩვენ.
ვისაც ყური და გული აქვს, ისმინოს...
ზ.ო. – 2020, ნოემბერი
მასალის გამოყენების პირობები