ავტორი: ზურა ოდილავაძე / ფეისბუქპოსტი
როგორი იქნება კოვიდის შემდგომი სამყარო...
ადამიანებს ჰგონიათ: ,,მალე ვაქცინაცია დაიწყება, პანდემია დავიწყებას მიეცემა და ცხოვრებაც ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ფუჭი იმედებია – ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და კაცობრიობამ მასთან, როგორც გრიპის ვირუსთან ერთად, ცხოვრება უნდა ისწავლოს. მსოფლიო არასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო – მიუხედავად ახალი ვაქცინისა თუ ანტივირუსული წამლის გამოჩენისა, პოსტკოვიდური სამყარო თვისობრივად განსხვავებული იქნება.
ამგვარი ცვლილებების უახლოესი მაგალითი იყო – ,,შიდსი“. დიდი დრო დასჭირდა ვირუსის შესწავლას, დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ცენტრების შექმნასა და პრეპარატების სინთეზს – ათეულობით წლები... მართალია, ,,შიდსის“ შემთხვევეში, მეცნიერებამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ დღეს თავში არავის მოუვა, იხმაროს არა სტერილური შპრიცი ან უცხო ადამიანთან ჰქონდეს სექსი, მით უფრო, პრეზერვატივის გარეშე – ეს ქცევის წესები მკაცრ კანონებად იქცა.
ასევე ბევრად განსხვავებული იქნება პოსკოვიდის ეპოქაც. პანდემიამ მკვეთრად შეზღუდა და მომავალშიც შეზღუდავს ჩვენი გადაადგილებისა და თავშეყრის შესაძლებლობებს. ყველა სახელმწიფო, ეკონომიკისა და მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდება, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც შეამცირებენ ადამიანთა კონცენტრაციას. მაშასადამე, დაიწყება მასობრივი გართობისა და სანახაობების ინდუსტრიის კვდომა:
– მილიონობით დოლარად შეფასებული სპორტსმენები თუ მომღერლები, ასიათასიანი სტადიონები, რომლებსაც ეს ვარსკვლავები ავსებდნენ – შეუძლებელი გახდება, შემოსავალი შემცირდება და... თანდათან დავიწყებას მიეცემა;
– ასეთივე ბედი ელოდება მრავალრიცხოვან დისკოთეკებს, თავისი ,,კლაბერებითა“ და კლუბური ნარკოტიკებით;
– აღლუმები და დემონსტრაციები, მსოფლიო მასშტაბის გამოფენები, დიდი ფესტივალები და ბაზრობები, ფორუმები და კონფერენციები, თავისი ბანკეტებითა და ,,ალაფურშეტებით“ – ეს ღონისძიებები მკაცრად შეიზღუდება და შემცირდება;
ასევე მკვეთრად დაეცემა საკონცერტო დარბაზებისა და დახურულ სივრცეებში სხვა სანახაობების (თეატრი, კინო, ცირკი) მაყურებელთა რაოდენობა, შესაბამისად, შემოსავალიც...
ე.ი. მთლიანად გართობის სფეროს ფინანსური მხარდაჭერაც მეტად შემცირდება. ერთი სიტყვით – ,,მასობრივი სანახაობების“ ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება!.. თუმცა, არ გაქრება კოლექტიური ცნობიერება და ,,მასკულტურა“ – ამას ამიერიდან სოციალური ქსელები და ტელევიზიები წარმართავენ – ეს გახდება ახალი ეპოქის როგორც ძირითადი მახასიათებელი, ასევე საფრთხეც და გამოწვევაც...
პოსტკოვიდურ ეპოქას ქართული თავისებურებებიც ექნება:
– მკვეთრად დაიკლებს ათასკაციანი ქორწილები და ასეთივე გასვენება-ქელეხები – ცხადია, ამ ეროვნული სპორტით გატაცება წარსულს ჩაბარდება; – იშვიათობა გახდება დიდი წვეულებები... თავისი რესტორნებით, ყანწებითა და ,,შალახოებით“ – აღარ იქნება, ეჰ, აღარ!..
მოკლედ, სახალხო გართობა და მასობრივი გლოვა – ახალ ეპოქაში მხოლოდ გიჟს თუ მოუვა თავში... და ისიც ნებისმიერი სახელმწიფოს კანონით მკაცრად დაისჯება!
სამაგიეროდ, ადამიანს მეტი დრო ექნება ახლო მეგობრებთან და ნათესავების ვიწრო წრესთან ურთიერთობისთვის, რასაც დაკავებულობის გამო, ადრე ვერ ახერხებდა. ჩვენ უცხო მასასთან ერთად დროის ფლანგვას მივეჩვიეთ, ხოლო ახლობლებთან ურთიერთობების სითბო და ხიბლი უკვე დაგვავიწყდა... ბუნებამ კი შეგვახსენა თანამოაზრეებთან ადამიანური კავშირების ნამდვილი სიხარული!.. ყველაფერი ეს კი, თავის მხრივ, ანალიზისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, კრიტიკული აზროვნებისკენ და,ზოგადად, დაფიქრებისკენ წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, იქნება მარტოობისა და ,,სასოწარკვეთის ტრაგედიებიც“ – გააჩნია, ვინ და როგორ შეეწყობა და გამოიყენებს ახალ პირობებს...
ასევე, ცხადია, ბევრად მეტი დრო დაგვრჩება ბავშვების აღზრდისა და, ალბათ, სექსისთვისაც... რამაც წესით დედამიწის მოსახლეობის ზრდა უნდა გამოიწვიოს.
ასევე მკვეთრად დაიკლებს უმიზნო მოგზაურობა და სახელგანთქმულ კურორტებზე მასობრივი ,,მომლოცველობა“...
მაქსიმალურად ბევრი საქმე თუ სამსახური ,,ონლაინ“ რეჟიმში გადაინაცვლებს. ჩვენ სახლში მეტი დროის გატარება მოგვიწევს.
მოკლედ, ბიძგი მიეცემა ინდივიდუალურ და შემოქმედებით შრომას და არა მასობრივ გართობასა თუ სანახაობებს. ასეთი იქნება ჩვენი მომავალი – დროა, მას შევურიგდეთ და მოვემზადოთ...
ზ.ო. – 2020, დეკემბერი
მასალის გამოყენების პირობები