ნევროლოგი დავით მრელაშვილი საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„კომპეტენციას განსაზღვრავს რეალურ ცხოვრებაში შესაფერისი გამოცდილება, გაკეთებული საქმე, და არა CV, ტიტულები და ჭკვიანური თეორიების ფრქვევა სოციალურ სივრცეში თუ მიკროფონთან.
ის რაც ლოგიკური ჩანს ქაღალდზე კაბინეტში, ხშირად არ ამართლებს პრაქტიკაში და ბრძოლის ველზე ამა თუ იმ მიზეზის გამო. აუცილებელია ამ ორ ბოლოს შორის ლაივ რეჟიმში უკუკავშირი და იმპროვიზაცია სისტემის მაქსიმალურად ჩქარა დახვეწისთვის.
2019-ში აშშ-ს ყველა ინსულტის შემთხვევის 1 % თავად ვნახე (330 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაა), რაც დაუჯერებლად ჟღერს ფაქტობრივი მტკიცებულება რომ არ იყოს. ეს შესაძლო გახდა სწორად აწყობილი დისტანციური მართვის სისტემის წყალობით.
ეს ათასობით პაციენტი ვნახე არა დასტუკებით, არამედ თავიდან ბოლომდე - დიაგნოზით დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული და გამოსავალზე ლეგალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით (ნულოვანი გართულებით). ეს პაციანტები ზოგადად კორონავირუსიან პაციენტებზე გაცილებით რთულებია სამართავად, და ბევრ მათგანში წამებიც კი გადამწყვეტია იქედან გამომდინარე რომ ინსულტის დაწყებიდან თრომბოლიზის გაკეთებამდე ყოველ წუთას საშუალოდ 2 მილიონი ნერვული უჯრედი კვდება და აღარ აღდგება თუ დროულად არ მიხედე.
ამ სისტემის ასეთი მაღალი გამავლობის დახვეწას 10 წელზე მეტი მოვანდომე, ექიმების და დისპეჩერების განრიგის კლასტერებად დანაწილებით დაწყებული, სამუშაო კომპიუტერის და მონიტორების სპეციფიკაციებით დამთავრებული. შედეგია ის, რომ კომპანია ვისზეც ვმუშაობ კონსულტანტად, გადაუდებელი შემთხვევების დისტანციური მართვის პაციენტთა რაოდენობით პირველ ადგილზეა შტატებშიც და მსოფლიოშიც (SOC Telemed).
ამ წარმატების მთავარი საიდუმლო, კიდევ და კიდევ - არის ერთი რამ: სწორად აწყობილი სისტემა. აბრაამ ლინკოლმა თქვა კარგად: მომეცით 6 საათი ხის მოსაჭრელად, და იქედან 4-ს დავხარჯავ ცულის ლესვაშიო. მე ეს 4 საათი უკვე დახარჯული მაქვს და გალესილ ცულს უსასყიდლოდ გთავაზობთ.
კარგი ექიმები ნამდვილად ბევრი გვყავს საქართველოში. უბრალოდ თუ პისტოლეტებით ომში მათ კომბალს გავატანთ საბრძოლველად - აუცილებლად დამარცხდებიან.
ჩემი ბოლო 10 წლის გამოცდილების შემდეგ, რომელიც პროცედურულად ძალიან მსგავსია პანდემიის დროს მოზღვავებულ პაციენტების მართვის დილემასთან, დღევანდელი „გადატვირთული სამედიცინო სისტემის“ რეალობა მწარე ღიმილს მგვრის. მწარე იმიტომ რომ არაა ადვილი მოსანელებელი ამდენი ხალხის უბედურება. ღიმილი იმიტომ თუ რა მარტივი ჩარევით შეიძლება გაჭედილი სისტემის გამართვა და პაციენტების დიდი რაოდენობის განვლადობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი - უფრო ნაკლები რესურსის გამოყენებით.
მახსოვს, ერთი პერიოდი სისტემის ოპტიმიზაციისთვის მოვიწვიეთ აეროპორტების დისპეჩერების კონსულტანტები, რადგან ისინი თითქმის 100 წელია ხვეწავენ მათემატიკური სიზუსტით თვითმფრინავების აფრენა დაჯდომას საფრენ ბილიკზე (რაც პაციენტების ტრიაჟის ანალოგიურია პროცედურულად), და მათ დისტანციურ მართვას ქოლ ცენტრებიდან.
მაგალითისთვის: არ ვეთანხმები ბინაზე მომკურნალე პაციენტებისთვის ათასობით ოჯახის და სოფლის ექიმის ფაქტიურად იძულებით ჩართვას რაც ქაოსს ჰმატებს სისტემას. არამედ საჭიროა 50-100 მაღალკვალიფიციური, ე.წ. „ლეგიონერი“ ექიმი რომელიც ფლობის კომპიუტერს და საკმარისად გამოცდილია რომ ვიდეო ვიზიტით მართოს ეს პაციენტები ბინაზე. ეს ბინაზე მომკურნალე 5000-10,000 პაციენტს თავისუფლად ეყოფა (უმეტესობა მსუბუქი ან უსიმპტომოა). ეს მენეჯმენტს გაცილებით გააადვილებს და ქაოსს ექსპონენციალურად შეამცირებს. დაუჯერებლად ჟღერს? საბედნიეროდ ეს თავად მაქვს გამოცდილი და გაკეთებული, ასე რომ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.
რა თქმა უნდა ეს ექიმები უნდა უზრუნველყოფილნი იყვნენ ქოლ-ცენტრით რომლებიც „გამზადებულ ლუკმას“ მიაწვდის ამ თვითოეულ ექიმს პაციენტების მოზადებით (ვიდეო ვიზიტისთვის), და ინფორმაციას გადასცემს ეფექტურად მიღება გაცემას ონლაინ (და არა ტელეფონით) რეჟიმში. ეს ექიმები არ უნდა იყვნენ პაციენტების პატრონების მოგერიებით დაკავებული, ან მეგობრის ზარებს ვერ აუდიოდნენ რომ „აუ სიმამრს კორონა დაემართა და ერთ საწოლი გამიჩითე რა“.
ასევე არ ვეთანხმები სასწრაფოს გამოძახებისას მანქანის გაშვებას პაციენტთან სწორი ტრიაჟის გარეშე, რადგან სისტემის ძალიან მალე გადატვირთვის შემთხვევაში, ყველა მომდევნო პაციენტების 100%-თან აგვიანებს სასწრაფო, და მათგან მრავალი მართლა გადაუდებელი იქნება.
უნდა მოხდეს ამ ზარების ვიდეო ტრიაჟი ასევე გამოცდილი ექიმის მიერ. მთელ რიგ მსუბუქ პაციენტებში შესაძლოა მანქანის გაშვება საერთოდ არ იყოს საჭირო, იმას რომ თავი გავანებოთ რომ ვისაც ყველაზე გადაუდებლად სჭირდება - იმის იდენტიფიკაცია მოხდება დროულად.
კარგი სიახლე არის ის - რომ ასეთი „გარდაუვალი“ კოლაფსისთვის საჭირო ეფექტური სისტემა არსებობს, გამართულია, ნაცადია, მუშაობს და ელოდება მომხმარებელს.
პ.ს. საქართველოში ჩამოვედი, გავეცანი სისტემას, მაქვს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მკაფიო და დასაბუთებული შემოთავაზებები და მზად ვარ სურვილისამებრ დაგეხმაროთ“, - ნათქვამია დავით მრელაშილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები