კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებიდან, მათ შორის გლობალურად საზღვრების ჩაკეტვიდან, 8 თვე გავიდა. ეს საკმარისი პერიოდია დაგროვილი პრობლემების შესაფასებლად.
პანდემიის გამოცხადებამდეც არ აკლდა ობიექტური პრობლემები საქართველოში სამშენებლო სექტორის ისეთ სეგმენტს, როგორიცაა ცემენტის წარმოება. ობიექტურ პრობლემებში უპირველესად უცხოური ნაწარმის დემპინგი იგულისხმება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ მწარმოებლებს. კერძოდ, თავდაპირველად ირანიდან, ხოლო შემდეგ უკვე თურქეთიდანაც, სადაც სამშენებლო სექტორი მწვავე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ცემენტის საქართველოში იმპორტი თვითღირებულებაზე ბევრად დაფალ ფასებში დაიწყო.
ცემენტის ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნა ყველა მწარმოებელს შეეხო, ამას დაემატა პანდემიის გამო შემოღებული Lock Down-ით დამუხრუჭებული ეკონომიკა. პრობლემების გარეშე არ დარჩა ეკონომიკის არც ერთი დარგი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ცემენტის მწარმოებელთა მომხმარებლები.
ასეთი მწვავე პრობლემების პირობებში საქართველოში მოქმედი კომპანიები მაინც აგრძელებენ წარმოებას. როგორ, რა მეთოდებით, რა საბაზრო მექანიზმებით უმკლავდებიან მეწარმეები ამ კოლოსალურ გამოწვევებს? ამ საკითხზე ვესაუბრებით ცემენტის მწარმოებელი კომპანია „ლაფარჟეს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს გივიკო ელოშვილს.
– მოგაბა–ზარალის თვალსაზრისით რა შედეგებზე გავიდა „ლაფარჟე“ 2020 წლის I და II კვარტლებში?
– კომპანიისთვის პირველი კვარტალი საკმაოდ წარმატებული გახლდათ როგორც რეალიზების, ასევე მომგებიანობის მხრივ. მეორე კვარტალში, პანდემიის პერიოდში, რასაკვირველია, პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა და კომპანიის კომერციულ მხარესაც ძალაუნებურად მიადგა დიდი ზიანი.
– პერსონალის რამდენი პროცენტის შენარჩუნება შეძელით ანაზღაურებად სამუშაოებზე?
– ამ რთულ პერიოდში კომპანიის აქციონერების და მენაჯმენტის ერთობლივი მტკიცე გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ არ შეგვემცირებინა არცერთი თანამშრომელი, რადგან კომპანიის ყოველდღიურ განვითარებაში თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა განპირობებულია თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, შენარჩუნებაზე და მათ განვითარებაზე.
– რამდენი პროცენტით შემცირდა ცემენტის წარმოება/რეალიზაცია თქვენს საწარმოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე და მომხმარებელთა რომელი სექტორების შეფერხებამ გამოიწვია ეს?
– ზოგადად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცემენტზე მოთხოვნა ბაზარზე შედარებით შემცირებულია, თუმცა ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ვარდნა არ აისახოს ჩვენს გაყიდვებზე, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ვახორციელებთ. ამას ძირითადად ვაღწევთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების და ჩვენს მიერ კარგად გამართული საცალო გაყიდვების ქსელის ხარჯზე. თუმცა, აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები იმპორტირებული ცემენტის დემპინგური ფასის კუთხით.
– რა უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა „ლაფარჟესთვის“, უცხოური ცემენტის დემპინგური ფასებით გამოჩენა ქართულ ბაზარზე, თუ კორონავირუსის პანდემია და რატომ?
– კოვიდის პერიოდში ჩვენ მარტივად შევადგინეთ კრიზისმენეჯმენტის სტრატეგია და აპრილის შემდგომ, ეტაპობრივად, კრიზისული მდგომარეობიდან ჯანსაღად გამოსვლა დავიწყეთ. რაც შეეხება დემპინგურ ფასებში შემოსულ ცემენტს, ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ის 30%–ით ნაკლებ ფასებში შემოდის თურქეთიდან და ყველა ადგილობრივ მწარმოებელს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის. როგორც იცით, თურქეთის მთავრობამ სამშენებლო მასალების ექპორტზე აგილობრივ კომპანიებს ფინანსური დოტაცია გამოუყო, რამაც განაპირობა მათ მიერ ფასების დემპინგი საქართველოში. აქვე მინდა განვმარტო, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ქართული ცემენტის ექსპორტი პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ თამაშის წესები ნამდვილად არასამართლიანია.
– ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები, პირველი წელი არაა, რაც მწვავედ აყენებთ საკითხს ბაზარზე არსებულ უთანასწორო პირობებთან დაკავშირებით, რაც დემპინგურ იმპორტს უკავშირდება. რა გაკეთდა დღემდე ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მხრიდან და შეცვლილია თუ არა ვითარება კონკურენტული ბაზრის სასარგებლოდ?
– საკმაოდ დიდი ხანია, ადგილობრივი მწარმოებლები ველოდებით ანტიდემპინგური კანონის დამტკიცებას. ვითარება ბაზარზე ნამდვილად არ არის შეცვლილი. ჩვენი კომპანია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მწარმოებლები, სრულად ვაკმაყოფილებთ ბაზარზე მოთხოვნილი ცემენტის რაოდენობას, საჭიროების შემთხვევაში კი თავისუფლად შეგვიძლია წარმოების მასშტაბის გაზრდა, რაც ჩენ გეგმებში ისედაც შედის. ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც ბიზნეს სუბიექტის მოთხოვნა, დარეგულირდეს ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან დემპინგური ფასებით შემოსული ცემენტის პროდუქცია, სავსებით სამართლიანია. მსგავსი ინექციები საკმაოდ აფერხებს ჩვენი და სხვა მწარმოებლების ინვესტირების და განვითარების პროცესს.
– როდის ვარაუდობთ ცემენტის წარმოება/რეალიზაციის 2019 წლის ნიშნულზე გასვლას?
– ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ რეალიზაცია, თუმცა არა 100%, როგორც ჩვენ მივდიოდით უწინ. ეს პრობლემები დარეგულირდება მაშინვე, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული დემპინგური ფასების რეგულირება და მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განაგრძოს სრული მხარდაჭერა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ნამდვილად იმ რთულ პერიოდში ყველა მწარმოებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
მასალის გამოყენების პირობები