პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს პროექტის მმართველმა კომიტეტმა ჩაატარა პირველი შეხვედრა პროექტის სამუშაო გეგმის განსახილველად. გეგმა მოიცავს პროექტის სრულ პერიოდს და ემყარება პროექტის პარტნიორებისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს.
პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ევროპის საბჭოს პროექტი „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).
მასალის გამოყენების პირობები