მეწყერი ხელვაჩაურში - სოფელ ჯოჭოში 5 ადამიანს უშედეგოდ ეძებენ. ხელვაჩაურში მეწყერმა თედორაძეების სახლი მთლიანად გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის მასამ სახლი და მანქანა ჩაიტანა. სახლში მეწყერის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ხოლო სახლთან მდგარ ავტომანქანაში ორი ადამიანი.
სტიქიის ზონაში მივიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად, ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან სამაშველო ჯგუფები ჩავლენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 400-მდე შეტყობინებაა შესული.
უწყების ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის მათი საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია 5 ადამიანზე, საიდანაც 3 სახლში იმყოფებოდა, ორი კი სახლთან მდგარ ავტომანქანაში.
"შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.
მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები