„27 წლის წლის წინ, 27 სექტემბერს, 21 წლის მოხალისე, ავღანელთა ბატალიონთან ერთად, აი აქ, ამ შუქურასთან ახლოს ვიდექით.
ყარყარაშვილმა 25 სექტემბერს გადმოგვიყვანა ახალდაბიდან დაახლოებით 500 კაცი, სოხუმამდე გზა ჩაკეტილი იყო, ამიტომ ზღვის სანაპიროთი და შენაკადების გადალახვით გადმოვედით, ცნობილი მეთოდით გადავლახეთ რამდენიმე შენაკადი, რომელიც ზღვას უერთდებოდა, ცივი იყო და ჩქარი: ერთი ნაბიჯი დინების საწინააღმდეგოდ, მეორე ნაბიჯი წინ.
წამოსვლამდე, ახალდაბასთან, უკვე მოდიოდა ცნობები, რომ სასტიკი ბრძოლები გველოდა წინ.
რამდენიმემ ვერ გაუძლო და ვითომ ავტომატი გაუვარდა, ფეხზე, ქუსლთან მიყუდებული. მაშინ ეტყობა, არც იცოდნენ, რომ ამას თვითდაზიანება ერქვა, ბრძოლის ველიდან გაყვანის მიზნით.
მოკლედ, 27 სექტემბრის ღამე სადღაც აქვე ახლოს, უფრო სანაპიროსკენ გავათიეთ. სოხუმელები გამახსენებენ, რომელი სკოლა იყო აქ ახლოს? იქ იყო შტაბი, მაგრამ უკვე არავინ იყო მანდ. ისე გამოვიდა, რომ გუმისთის კონცხი, ფაქტობრივად, მოშიშვლებული იყო და მტერს დაუბრკოლებლად შეეძლო შუქურამდე მოსვლა.
ზურა თვალაბეიშვილი, ცოცხალაშვილი, ჩვენი მეტყვიამფრქვევე გურამა, კიდევ 30-მდე ადამიანი, მათ შორის, ჩემი ძმადნაფიცი ლევან წერედიანი და მე, ორი დანჯღრეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ბმპ) და ორი ცალი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (რპგ) - ეს იყო ჩვენი ავლა-დიდება.
დაახლოებით 11 საათზე, ჰოი, საოცრებავ, ჩერდება "უაზი" და იქედან, ორ გენერალთან ერთად, ედუარდ შევარდნაძე გადმოდის. ალბათ, დილის "გამამხნევებელი" შემოვლა თუ ჰქონდა - 10 წუთი გველაპარაკა და წავიდა.
წავიდა და ნახევარ საათში დაგვაყარეს. ნაღმმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ავტომატები მუშაობდა. მივხვდით, რომ გუმისთის კონცხზე უკვე მტერი იყო გადმოსული.
თვალაბეიშვილმა იყვირა, უკან ვიხევთო - სხვანაირად განწირულები ვიყავით, რადგან მტერს ვერ ვხედავდით, ის კი გვაყრიდა და გვაყრიდა.
უკანდახევასაც თავისი პრობლემები ჰქონდა. როცა სოხუმის ცენტრისკენ უკანდახეულები, არ მახსოვს რომელი, კორპუსებიანი ფართო ქუჩის გადარბენას ვაპირებდით, ჩვენებმა "მეგობრული ცეცხლი" გაგვიხსნეს, რადგან კომუნიკაცია არ გვქონდა და წესით, შუქურისკენ, უკვე არავინ ეგულებოდათ თავისიანები, მოკლედ, მტრები ვეგონეთ და დაგვაყარეს.
ზოგჯერ მწარედ ვხუმრობ ხოლმე, რომ 27 სექტემბერი ჩვენთვის, იქ გადარჩენილთათვის, ჯვართამაღლების და სოხუმის დაცემის დღის გარდა, "წმინდა ჩაქუჩას" ხსენების დღეცაა, რადგან ჩვენს შორის რომელიღაც გენიოსმა, ორმხრივ (წინიდან და ზურგიდან) ცეცხლში მოხვედრილებს გვითხრა: "საიდანაც გვესვრიან, იქ ჩემი ძმაკაცია, ჩაქუჩა და ეს სახელი მარტო ახლობლებმა ვიცით. ყველამ ერთად ვიყვიროთ "ჩა-ქუ-ჩა!", გაიგონებს და ეტყვის, რომ გაგვატარონ..." - სხვა რა გზა გვქონდა, ყველამ ერთხმად ვიყვირეთ და მართლა გაჭრა: "მეგობრული ცეცხლი" შეწყდა, პირველად მეთაურებმა გადაირბინეს, დატესტეს და მერე ჩვენც მივყევით...
ასე "შემოვედით" სოხუმში, მერე კი გავედით, მაგრამ ისე, რომ არც ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ ვერ დავბრუნდებოდით: გვეგონა, ჯერაც არ იყო ყველაფერი დაკარგული...
ასეთი იყო ჩემი 27 სექტემბერი, 27 წლის წინ...“ - წერს ლაშა ბერულავა ფეისბუქის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები